1 of 4

თამადა, ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთლი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ. საქართველოს მთიანეთის საკულტო დღეობა-წვეულებებზე თამადას არ ირჩევდნენ - მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში "თამადა", "თამათა" ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. "თამადის" ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას "ტოლუმბაშსაც" (თურქ. toplum başı – თავყრილობის/შეკრების უფროსი/თავი/ მეთაური) ხმარობენ. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, "ტოლუმბაში" "ამხანაგების თავს" ნიშნავს.თანამედროვე ფასეულობების მიმართება ქართულ ტრადიციებთან და ფასეულებათა ევოლუცია.

თამადა – ეს არის ლხინის ან მწუხარების მიმდინარეობის ორგანიზების ცენტრალური ფიგურა. მას საქვეყნოდ ირჩევს ოჯახის უფროსი. ამ რიტუალით იგი ხაზს უსვამს თამადის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თამადა სასურველია იყოს იმ საზოგადოებაში პატივცემული, განათლებული, ენაწყლიანი, მომთმენი. უნდა იცნობდეს ოჯახს, შეკრებილ საზოგადოებას, ქართული სუფრის ტრადიციებს, მსვლელობას. დღევანდელ რეალობაში მთავარია თამადას ეკავოს კარგი თანამდებობა და სხვას უკვე ყურადღება არ ექცევა.

2 of 4

ეკვლეობა, ახალ წელს ნაყოფიერება-ბარაქიანობის მაღალმოსავლიანობის, ბედნიერება-სიკეთის უზრუნველყოფის მიზნით მეკვლის მიერ ოჯახის დალოცვისა და გარკვეული რიტუალების შესრულების ჩვეულება. თავდაპირველად, როცა კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალ სამეურნეო წლის ანუ, შესაბამისად, აგრარული კალენდრის დასაწყისს, მეკვლის — ახალი წლის პირველი მომლოცველის — ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, პირველი, რიტუალური კვალის გავლება.

ამ ჩვეულების გადმონაშთში ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მეკვლეობის მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარი, ცხვარი ან ცხენი.

3 of 4

ჩიჩილაკი, ხის ფორმის რიტუალური საგანი. მზადდებოდა საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე ნაირსახეობა, რომელთაგან განსაკუთრებით სრულყოფილი ჩანს გურული კალპიანი ჩიჩილაკი.

ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან "ბასილას" წვერი ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. "ყვინჩილებს". ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელისაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს.

იმერეთში სცოდნიათ ჩიჩილაკის ენდროთი შეფერადება. კალპი მარადმწვანე სუროსაგან და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისაგან მოწნული რგოლია, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოდან ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს, ბოკელს, ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. კალპის დადგმა ჩიჩილაკისთვის აუცილებელი არ იყო.

კალპის მსგავსად რაჭაში მზადდებოდა გვერგვი, რომელიც რიტუალში დამოუკიდებლად მონაწილეობდა.

ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო სახადის განმგებელთათვის, "ბატონებისათვის" მისართმევი ხე; საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, "მაშხალას" მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს.

სვანეთში მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე. წ. "კამარას", რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადასხვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ.

ჩიჩილაკი და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან. ანალოგიური რწმენები გავრცელებულია ევროპის მრავალ ხალხში.

4 of 4

საქართველოს მთიელები-ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა.

ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად. პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი, რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია, ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას.

ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად.

ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.