პურის ფული
12.11.2020
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე. ამ მეფეს ერთადერთი ასული ჰყავდა. ერთხელ ორივე დასეირნობდა ზღვაზე ნავით. ნაპირს გაშორდნენ თუ არა, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ნავი გაიტაცა და სადღაც შორეულ ნაპირზე გარიყა. ისინი უცხო ქვეყანაში აღმოჩდნენ, სადაც მათ სამშობლოზე არავინ არაფერი იცოდა.
რა ექნა მეფეს? ვისაც კი უამბო თავისი უბედურება, არავინ დაუჯერა. ხელობა არაფერი იცოდა, არც ფული ჰქონდა და შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, იძულებული გახდა, ერთ სოფელში მენახირედ დამდგარიყო.
გავიდა დრო და მოხდა ისე, რომ იმ ქვეყნის უფლისწული ნადირობის დროს მენახირის ქალს შეეყარა. ქალის სილამაზემ ვაჟი მოაჯადოვა, პირველივე ნახვით შეუყვარდა. მივიდა სასახლეში და დედ-მამას განუცხადა, მენახირის ქალი უნდა შევირთო ცოლადო.
მეფე-დედოფალი საშინლად განრისხდა. ასეთი რამ სად გაგონილა, უფლისწულმა, ტახტის მემკვიდრემ, უბრალო მწყემსის გოგო შეირთოსო, მაგრამ უფლისწული თავისას არ იშლიდა:
- იმ ქალს თუ არ მომგვრით, სხვა არავინ მინდაო.
რა ექნათ, ვერც თხოვნით, ვერც მუქარით ვერაფერს გახდნენ. მეფემ გადაწყვიტა, მოხუც მენახირესთან ქალის სათხოვნელად მთავარი ვეზირი გაეგზავნა. ვეზირი კარგად გამოეწყო, შეჯდა ცხენზე და იალაღისკენ გასწია. დაბრუნებულმა ვეზირმა მეფეს მოახსენა: მწყემსმა უარი მითხრა, ქალს ისეთ კაცს არ გავატან, რომელმაც არცერთი ხელობა არ იცისო. ბევრი ვუმტკიცე ხელობა რა უფლისწულის საქმეა-მეთქი, მაგრამ თავისი არ დაიშალა.
უფლისწულმა კი მოსვენება არ მისცა მშობლებს; ესენიც რაღას იზამდნენ, მენახირეს შუამავალი გაუგზავნეს და თან მდიდარი ძღვენი გაატანეს. არც ახლა დასთანხმდა მენახირე.
მეფეს კვლავ შემოუთვალა, შენმა შვილმა ხელობა ისწავლოსო. სხვა რა გზა ჰქონდა, უფლისწულმა ხელობის შესწავლა გადაწყვიტა, წავიდა ბაზარში და ხელოსნებს დაუწყო თვალიერება.
უყურებდა ოქრომჭედლების, მეხალიჩეების, მეწაღეების მუშაობას, მაგრამ ყველაზე უფრო მექოთნეების შრომა მოეწონა. მხიარულად ტრიალებდა მექოთნის ჩარხი და გადაწყვიტა, მექოთნეს დადგომოდა შეგირდად. გულმოდგინედ სწავლობდა ვაჟი ხელობას, მალე ოსტატის ქებაც დაიმსახურა. ცოტა დრო გავიდა თუ ბევრი, უფლისწული დახელოვნდა ქოთნების გამოწვაში და თავის ოსტატს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს უფლისწულმა ლამაზი წყლის დოქი გამოწვა და თვითონვე წავიდა მენახირესთან ქალის სათხოვნელად.
- ამ დოქს რამდენად გაყიდიო? - ჰკითხა მოხუცმა.
- ერთ-ორ დინარს მაინც მომცემენო, - მიუგო უფლისწულმა.
- ორი დინარი დღეს, ორი - ხვალ, უკვე ოთხია! - არა უშავს, პურის ფულს ყოველთვის იშოვი. მე რომ ხელობა მცოდნოდა, მენახირედ არ დავდგებოდიო, - უთხრა მოხუცმა და უფლისწულს თავისი თავგადასავალი უამბო.
უფლისწულმა ჭკუის დარიგებისთვის მადლობა მოახსენა მოხუცს და სასახლეში მიიწვია. დიდებული ქორწილი გადაიხადა მეფემ. მოხუც მენახირეს ხომალდი მისცა და ჯარიც მიაშველა, რომ თავის სამეფოში დაბრუნებულიყო. უფლისწული სიამტკბილობით ცხოვრობდა თავის ცოლთან და თავის ხელობასაც არ ივიწყებდა.
უცხო სიტყვების ახსნა:
მეთუნეობა - თიხის ჭურჭლის დამზადებას გულისხმობს.
ქართული მეთუნეობის ძირითადი სახეებია: წყლის, რძის პროდუქტებისა და ღვინის ჭურჭელი, სამზარეულოსა და პურეულისთვის განკუთვნილი, სპეციალური დანიშნულების საგნები. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჭურჭლის გაფორმებასაც.