მაკნატუნა
25-26.01.2021
ბალეტი ,,მაკნატუნა“ შექმნა კომპოზიტორმა პეტრე ჩაიკოვსკიმ. ხოლო სიუჟეტი მარიუს პეტიპამ დაწერა გერმანელი მწერლის ჰოფმანის ზღაპრის მიხედვით. აი მისი შინაარსი:
საშობაო დღესასწაულზე შტალბაუმების სახლში სტუმრები იკრიბებიან; მათ შორის არის დროსელმაიერი, მარისა და ფრიცის - შტალბაუმის შვილების ნათლია. მან შესანიშნავი საშობაო საჩუქარი მოუმზადა ბავშვებს - კაკლის სამტვრევი თოჯინა - სასაცილო მაკნატუნა.
ეს სასაცილო თოჯინა საოცრად მოსწონს მარის. მარის ცელქი და მოუსვენარი ძმა შემთხვევით ამტვრევს მაკნატუნას. მარი გულდაწყვეტილია. ღამით მას ,,ავადმყოფი“ თოჯინას გვერდით ჩაეძინება და ჯადოსნურ სიზმარს ხედავს: მასთან ერთად ცოცხლდებიან და იზრდებიან სათამაშოებიც.
უეცრად თაგვები თავიანთი მეფის წინამძღოლობით შემოიჭრებიან. მხოლოდ მაკნატუნას მოხერხებულობა და სითამამე გადაარჩენს თოჯინებს. უსულოდ მწოლიარე მაკნატუნას დასახმარებლად მარი მიემართება და ხდება სასწაული:
გოგონას თვალწინ მაკნატუნა მშვენიერ უფლისწულად გადაიქცევა. მარის და მაკნატუნა-უფლისწულს თავისკენ იხმობს ნაძვის თავზე მოციმციმე ვარსკვლავი. ისინი ჯადოსნურ ნავში სხდებიან და მისკენ მიემართებიან.
მათთან ერთად არიან მათი მეგობრები - თოჯინები, უეცრად მათ კვლავ თაგვები ესხმიან თავს. მაკნატუნა-უფლისწული თამამად იგერიებს და ამარცხებს მტერს.
იმართება საერთო ზეიმი. თოჯინები, როგორც იქნა, გათავისუფლდნენ ბოროტი თაგვებისაგან. მარი და მაკნატუნა-უფლისწული ბედნიერები არიან - მათ მიაღწიეს საოცნებო სამეფომდე...