გასაზიარებელი ბმული: http://mokle.ge/stoped
მიმართვა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
ჩვენ, საქართველოს პედაგოგები და სკოლის დირექტორები, ვემსახურებით საქართველოს ახალგაზრდობის განათლებას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად. გთავაზობთ ამონარიდს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტიდან „საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმაღლესი ინტერესების შესაბამისად სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ მან შექმნას ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო.“ საქართველოს კონსტიტუციაზე, აღიარებულ დემოკრატიულ საგანმანათლებლო-პედაგოგიკურ პრინციპებსა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაყრდნობით იქმნება ყველა ის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელი ამოცანების გადაწყვეტას.
ვციტირებთ იგივე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ვინაიდან კონსტიტუციის განუხრელი დაცვა სახელმწიფო ორგანოების და საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა, ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი მოსწავლეეებისა და ქვეყნის ვეროატლანტიკური მომავალი.
საჯარო სკოლებში შექმნილი ვითარება თანდათან იძენს სახიფათო ხასიათს, რადგან ყოველდღიურად ჩვენი მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები ხედავენ თანამოქალაქეებზე ძალადობის ათასობით ფაქტს, რაც სასკოლო გარემოზეც ნეგატიურად აისახება. სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, პოლარიზებულია სასკოლო საზოგადოებაც. სასწავლო პროცესის მშვიდად გაგრძელება შეუძლებელი ხდება ყოველდღიურად, ყოველდღიურად ცარიელდება საკლასო ოთახებიც.
ამ ხელმოწერით ვადსტურებ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა არ უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს. გთხოვთ, 3 დეკემბრიდან, საქართველოს ყველა სკოლაში შეაჩეროთ სასწავლო პროცესი. ამით დაიცავთ სასკოლო საზოგადოების წევრების უსაფრთხოებას და შეძლებთ სასკოლო გარემო დარჩეს საკანონმდებლო ჩარჩოში.
p.s. ხელმოწერა საჯაროდ არ ჩანს. ნახავს მხოლოდ ხელმომწერი