საჩივარი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ გადაცემა "შაბათის კურიერის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” თვითრეგულების ორგანოს
 მისამართი: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #5ა

 ს ა ჩ ი ვ ა რ ი  (გადაცემა "შაბათის კურიერის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით )

 ვინაიდან, "შაბათის კურიერის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადება ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ ნორმებს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-მა" უნდა შეაფასოს წამყვანის განცხადება და სათანადო რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან მისი შეუასაბამობის გამო.  

2016 წლის 11 ივნისს, 21:12 საათზე, "შაბათის კურიერში" გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა რუსთავის 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სიუჟეტის წარდგენისას  წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გამოიყენა ასეთი ფორმულირება: „ცუდია, რომ ნიკა გვარამია არ აყვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა. არამგონია მანტიის ქვეშ რამე დიდად საინტერესო დაგვხვედროდა, მაგრამ მაინც... "

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავის კომპლექსურობას. შესაბამისად, სრულიად სამართლიანად და ბუნებრივად მიგვაჩნია სასამართლო ხელისუფლების კრიტიკა და საქმესთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის მოსამართლეების რეპუტაციასთან თუ პროფესიულ ბიოგრაფიასთან დაკავშირებული დეტალების სიღრმისეული ანალიზი.  მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ახლავს აზრთა სხვადასხვაობა, ამ გადაწყვეტილებების თუ თავად მოსამართლეების დაუნდობელი კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა მონაწილე მხარეების თუ სხვა დაინტერესებული პირების ხელში. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ   "მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ ისინი კრიტიკამ დააჭკნოს."

მიუხედავად ამისა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გაკეთებული ეს შეფასება  სექსისტური და გენდერის ნიშით შეურაცხმყოფელია, რადგან გიორგი გაბუნიამ განზრახ თუ გაუფრთხილებლად, სექსუალურ ობიექტად წარმოაჩინა მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. ხოლო, „მანტიის გახდის“ (რაც მოსამართლის პროფესიული უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს) ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ მაყურებელს აქცენტი გადაატანინა მოსამართლის სხეულზე და მისი სხეულის შესაძლო არასრულყოფილებაზე.  წამყვანის ეს შეფასება კვებავს და ამყარებს ჩვენს ისედაც უკიდურესად პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ იმ სტერეოტიპებს, რომელთა თანახმადაც ქალის განათლება, კარიერა და საქმიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით უწყინარი და შეუმჩნეველი სექსიზმი აქცევს ქალს მეორეხარისხოვან არსებად. სექსიზმის საკითხის გასარკვევად შემდეგი კითხვის დასმა იქნებოდა მარტივი გამოსავალი: მოსამართლე ნათია გუჯაბიძე მამაკაცი რომ ყოფილიყო, გააკეთებდა თუ არა გიორგი გაბუნია იგივე განცხადებას? ამ კითხვაზე მიღებული უარყოფითი პასუხი არის იმის დასტური, რომ გიორგი გაბუნიას ეს განცხადება სწორედ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის სქესით იყო განპირობებული.

 სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასული ეს ფრაზა  ეწინააღმდეგება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც სამაუწყებლო კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამაუწყებლო პრინციპით:  სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება  განურჩევლად მათი  პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა. როგორც აღვნიშნეთ,  გიორგი გაბუნიას განცხადებამ ქალის სტერეოტიპული იმიჯი გაამყარა და ეს კი,  არანაირად არ შედის ქალების, როგორც სოციალური ჯგუფის ინტერესში.

 ამავე კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად:  მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას  რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე. "რუსთავი 2-ს," როგორც ქართული მედია სივრცის უკამათო ლიდერს და კომპანიას, რომელსაც მრავალჯერ დაუმტკიცებია თანასწორობის ღირებულების მიმართ ერთგულება  სოციალურად გარიყული ჯგუფების მხარდაჭერით, ქალი ლიდერების საქმიანობის გაშუქებით, გენდერული ძალადობის და თანასწორობასთან დაკავშირებული სხვა მწვავე სოციალური საკითხების შესახებ დებატების წამოწყებით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობა აქვს. შესაბამისად, ჩვენ მის განცხადებებს უფრო მკაცრი და მაღალი სტანდარტით ვაფასებთ.  ქცევის კოდექსის 33.3 მუხლის თანახმად: მაუწყებელმა  თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ  და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" საკუთარი გავლენა და როლი ქართულ საზოგადოებაში არა თანასწორობის პრინციპის , არამედ ქალის სტერეოტიპული იმიჯის დამკვიდრების ხელშესაწყობად გამოიყენა.

 ჩვენი აზრით, გიორგი გაბუნიას განცხადება ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. მაუწყებლობის შესახებ კანონის 3.2 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. საქართველოს, ადამიანის უფლებების შესახებ სხვა საერთაშორისო აქტებთან ერთად, ხელი მოწერილი აქვს “ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაზე”. აღნიშნული კონვენცია კი ჩვენ ქვეყანას ავალდებულებს, ებრძოლოს გენდერულ სტერეოტიპებს.  კერძოდ, მე-5 მუხლის ა პუნქტის თანახმად:

 [მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა] შეცვალონ მამაკაცისა და ქალის ყოფაქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენებისა და ჩვეულებების, აგრეთვე, მთელი დანარჩენი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ემყარება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის იდეას ან მამაკაცის და ქალის როლის სტერეოტიპულ გააზრებას.  

ჩვენ გვჯერა, რომ "რუსთავი 2" გამორჩეულია თვითკრიტიკის უნარით, ღირებულებების ერთგულებით და იმითიც, რომ შეუძლია გენდერული თანასწორობის საკითხების სრული სერიოზულობით და  სათანადოდ აღქმა,  ამიტომაც, ვითხოვთ:    

 მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, განიხილოთ წინამდებარე საჩივარი და მასზე დროული  რეაგირება მოახდინოთ, როგორც ამ ინდივიდუალური შემთხვევის განხილვით, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებული ზოგადი პოლიტიკის შემუშავებით.  

 გთხოვთ, საჩივარი განიხილოთ ზეპირ მოსმენაზე.  

 ხელმომწერები:    
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ელ. ფოსტის მისამართი *
პროფესია/ სამუშაო ან სასწავლო ადგილი *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report