ომის შუქ-ჩრდილები

ტკივილს არ აქვს სამშობლო,არც საზღვრები,არც ფერი,არც ეროვნება...ომი ერთნაირად სტკივათ ამ საზღვრებსა თუ მიწას,ცასა თუ ზღვას,ერსა თუ ბერს,ჭაბუკსა თუ მოხუცს,აფხაზსა თუ ქართველს ,ებრაელსა თუ გერმანელს...სტკივა ანას-ყვითელვარსკვლავიანი ,,სიონისტის“ სახელით დაღდასმულ ებრაელ გოგონას და ,,სეპარატისტის“ ბალღამით მოწამლულ ,,ღვთის მხევალ“აფხაზ-ქართველ გოგონას...,,ომის მამებს’’ კი მათი ტკივილი არ ესმით და ,შესაბამისად,ვერც ვერავინ დაუბრუნებთ მათ ,,დაკარგულ ბედნიერებას“...ბევრი 14 აგვისტო გავა,ორჯერ თუ სამჯერ- 1944 -ც...-წუთები,წამები -არშემდგარი ცხოვრების აჩრდილები...რომლებიც მაფრთხობს, კვლავაც დაგვაფრთხობს... თუმცა მე ვკითხულობ დღიურს,დღიურებს და ჩემი სულის სარკეში ვიხედები თითქოს:,,კანტორის ფანჯრიდან სქელ ფარდებს შორის დარჩენილი ჭუჭრუტანიდან“დანახული ქვეყანა რუხია,გადატეხილი ჯვარი-,,სვასტიკა“ და აფხაზი გოგოს პირჯვარი ,ლოცვა-ვედრება ორი სამყაროა-ერთმანეთის პირისპირ ... ვგრძნობ,როგორ გადმოდის ჩემში აფხაზი გოგოს აზრი ,ფიქრი, ანა ფრანკის ყვირილის სურვილი,ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ვფიქრობ: ,,ომის მამები“-ეს განდიდების მანიაკები  ხომ თავად ქმნიან ,,შავ დროს“:1941...1993... 2008...ჟამი ჩვენიაო--გაიძახიან და მარადისობისაგან  ძარცვავენ დედის ,ქალის ,დის,

სატრფოს -ევას სახელით შექმნილ სამყაროს, 13 თუ 18 წლის გოგონების დამსხვრეულ ოცნებებს ვამპირული ნიშნისმოგებით სამარცხვინო მატიანეში ჩაალაგებენ...მაგრამ ამ ჯიუტ გოგონებს, შუშანიკივით შიგნით რომ,,,ძაძაი  მოსავთ“,შეუძლიათ  ტკივილით ანთებულებმა, წერონ , უბრალო დღიურების სასწაულით გააცამტვერონ ეს სისხლიანი თარიღები...გვიამბონ ყველაზე უტყუარი ისტორია ომზე:უწიგნოდ,უქუდოდ ,უპალტოოდ,ცარიელი კუჭით,პურის ნატეხით ხელში დარჩენილ ომის ბავშვებზე,თაობაზე...ეს ყველაზე დიდი ჯარისკაცობაა  სამშობლოს...არა - მსოფლიოს ჯარისკაცობა,ადამიანობის სახელით!

        ომის განცდა...რა განცდაა მაინც იგი?..სიტყვაში გადანახული,დღიურში შეფუთული, ,,კიწიდ“ სახელრქმეული პროტესტი თავისუფლებისა თუ დაუოკებელი სურვილი-წიგნით გააცნო ომის საშინელება სამყაროს,ამ წიგნმა რომ ცოტათი უკეთესი გახადოს იგი?..იქნებ ეს მიწიერი,,ჯოჯოხეთი“იმისთვის უნდა გაიარო- ტყვიებისა და დენთის,ოსვენციმის ჯურღმულებით,რომ ბავშვი იშვილო,შენი ქართველი ძმის-ნიკოს სახელი დაარქვა და ამით გადაარჩინო ქართველიცა და აფხაზიც, გერმანელიცა და ებრაელიც,დედაშვილობა თუ ორი ერის შვილობა,დაძმობა,ოჯახი,სიკეთე, სამყარო ...იქნებ განუცდელი, წართმეული მომავალი ასე უნდა დაიბრუნო- მოწამეობრივად დაფერფლილმა ლოცვისა და ვედრების საზღაურად...იქნებ ,,გერმანელების მიერ მოგონილი დახვეწილი წამება“ რომ უფრო მეტად დაგვეგმო ანდა ,,კანონგარეშე გამოცხადებული“  ადამიანები რომ უფრო შეგვეყვარებინა ,ანას დღიურებს უფრო უკეთეს ადამიანებად რომ ვექციეთ ...იქნებ აფხაზეთის,სამაჩაბლოს,თბილისის ომები არც ყოფილიყო...

,,ქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი მტრობა,ვიდრე გერმანელებსა და ებრაელებს შორისაა ჩამოვარდნილი“-წერდა ანა...რა უცნაურია ამ ,,დიდი მტრობის“ პასუხი აფხაზი გოგონას დღიურში ვიპოვე:,,ღმერთო, შენ დაუბრუნე ნდობა და სიყვარული მსოფლიოს ყოველ კუთხეში საქებ და სადიდებელ ერს“!  სიყვარული და ნდობა-აი, ომის შუქი,ომის ნათელი! სვანი ბიჭის გადამრჩენელი გული ის მარცვალია,სხვათა გულებშიც რომ ადვილად აღმოცენდება,ოღონდაც დღიურში გაუკვდავებული, ,,ქაღალდი ხომ ადამიანზე ამტანია“-ეს ანა ფრანკმა იცოდა ,დღეს მეც ვიცი,მაგრამ გახადა კი ამ სიტყვამ,მწერლის ჟინით დაწერილმა დღიურებმა სამყარო უფრო მორალური? თუ ეს სხვისი ომია ისევ, უცნობი უბედურებაა,რომელსაც არასოდეს ეშველება...ანასა და აფხაზი გოგოს მეგობარი დღიური გახდა კი მეგობარი მსოფლიოსთვის,კაცობრიობისთვის(გერმანელისთვის,აფხაზისთვის,ქართველისთვის ,ებრაელისთვის?)...

მაოცებს ანას გაუტეხელობა,აფხაზი გოგონას რწმენა...ვფიქრობ,მეც ვიცნობ იმ ძალას,რომელიც ,,ომის ჯოჯოხეთშიც“სიცოცხლეზე გაფიქრებს  და სიკვდილის ,,დამარცხებას“მაინც ახერხებ...

     იქნებ ჭეშმარიტების პოვნა,ადამიანის შეცნობა და ,,ცნობა“ არ შეიძლება,თუ ფურცელსა და კალამს არ დაუმეგობრდი და, სიცოცხლის აკრძალვის მიუხედავად, ვარსკვლავიან ცას  არ უჭვრიტე დაჟინებით თავშესაფრიდან,ცას, რომელიც წუთი-წუთზე შეიძლება გაქრეს შენ თვალწინ... იქნებ ახალი უსასრულო ცის ხილვამდე დაჟინებით უნდა იმეორებდე ანას ნათქვამს „დედა შურას“გარეშე დარჩენილი ქვეყნისთვის:

 ,,მე თვითონ უნდა ვიყო ჩემი დედა!“

 რათა,ვინც ქალებსა და ბავშვებს ხოცავს, ისინიც შეიწყალო- დედური საწყისის გარეშე დარჩენილი ურჯულო, უნათლავი ჩვილებივით-ესაა, ალბათ, ომის შუქ-ჩრდილებიც...

ლელა შანიძე-X2 კლასი