საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს 

ბატონ აკაკი სიხარულიძეს 

26 დეკემბერი, 2013 წელი

მოგმართავთ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციის ფარგლებში, ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის #1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 და მე-6 მუხლების საფუძველზე და გთხოვთ, გამოაცხადოთ კონკურსი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით, კომისიის #695/22 გადაწყვეტილებით გამოყოფილ სიხშირეზე 100.1, რომლით სარგებლობითაც დაინტერესებულია არაკომერციული იურიდიული პირი „რადიო - ტვ ნორ“.  

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46–ე მუხლის მეორე პუნქტის,  „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“, კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის #612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტმა კომისიას წარუდგინა სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირული სპექტრის განაწილების პროექტი. პროექტი მოიცავდა  87.5 მჰც – 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არსებულ თავისუფალ რესურსს. სათემო რადიომაუწყებლობისათვის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ  კომისიის  #695/22 გადაწყვეტილებით, რომელიც 2013 წლის 29 ნოემბერს გამოქვეყნდა (http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7070&info_id=114792) სამცხე–ჯავახეთში მდებარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისათვის გამოიყო სიხშირე 100.1.

„რადიო ტვ ნორ“–ის მიზანია სათემო რადიომაუწყებლობის განხორციელებით ხელი შეუწყოს ნინოწმინდის თემის განვითარებას, ნინოწმინდაში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის ჩართვას მუნიციპალიტეტის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის უკეთ ინტეგრაციას ერთიან საქართველოში. ამჟამად „რადიო ტვ ნორი“ ამზადებს ადგილობრივ ახალ ამბებს ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროდან და საავტორო გადაცემებს ნინოწმინდის თემისათვის აქტუალურ საკითხებზე, რუსულ, ქართულ და სომხურ ენებზე. „რადიო ტვ ნორი“ ასევე გადასცემს ადგილობრივი ძალებით მომზადებულ ქართული და ინგლისური ენის რადიოგაკვეთილებს. „რადიო - ტვ ნორი“ აგროვებს და იწერს ადგილობრივი ფოლკლორული მუსიკის ნიმუშებს და ამ გზით ხელს უწყობს ნინოწმინდის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას.

„რადიო ტვ ნორი“ დაარსდა 2006 წელს ნინოწმინდაში, BBC World Service Trust-ის, IREX Europe-სა და ასოციაცია „სტუდია რე“–ს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „საქართველოში სათემო რადიოს განვითარების“ პროექტის ფარგლებში. პროექტის თანადამფინანსებლები იყვნენ ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და ეუთოს მისია საქართველოში. 2006 წლიდან 2008 წლის 16 იანვრამდე, როდესაც „რადიო ტვ ნორი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დარეგისტრირდა, ის ასოციაცია „სტუდია რე“–ს ნაწილს წარმოადგენდა. „რადიო - ტვ ნორ“-ის საიდენტიფიკაციო კოდია 236689883 (დარეგისტრირებულია ახალციხის საგადასახადო ინსპექციის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში) და მისი იურიდიული მისამართია საქართველო, ნინოწმინდა, პუშკინის ქ. #17. ამჟამად „რადიო - ტვ ნორი“ ინტერნეტ მაუწყებლობას ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით ახორციელებს.

პარტნიორებმა „რადიო - ტვ ნორ“–ის თანამშრომლები და მოხალისეები ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს შორის შეარჩიეს და მოამზადეს ისინი რადიო გადაცემების წარმოების და სათემო რადიოს მართვის საკითხებში. „რადიო ტვ ნორ“–ის თანამშრომლებმა შეისწავლეს იმ აუდიო აღჭურვილობის გამოყენება, რომლითაც ის პარტნიორებმა მოამარაგეს. მათ ასევე აითვისეს საქმიანობის თემის საჭიროებების გათვალისწინებით და თემის წევრების მონაწილეობით წარმართვის ტექნიკა.

„რადიო - ტვ ნორ“-ის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ და არიან ნინოწმინდის ადგილობრივი თემის წარმომადგენლები – სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის ექიმები, ექთნები და მასწავლებლები, ავტომექანიკოსები და ინჟინრები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, დიასახლისები და ფერმერები. ბირთვი, რომელიც დაარსების დღიდან რადიოში მუშაობს, მუდმივად ეძებს ახალ მოხალისეებს და თანამშრომლებს ნინოწმინდის თემში, და მათ ტრენინგების  მეშვეობით გადასცემს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც თავად წლების წინ BBC World Service Trust–ის და ორგანიზაციების ტრენერებისაგან შეიძინა. „რადიო - ტვ ნორი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებს – ინტერნეტ რადიოს საქმიანობაში ჩართვით აძლევს მათ სამუშაო გამოცდილებას და გუნდური მუშაობის ჩვევებს, უვითარებს მათ ინტერკულტურული კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს.    

2008–2012 წლებში „რადიო - ტვ ნორ“-მა დონორების დახმარებით განახორციელა რამდენიმე სოციალური პროექტი ახალგაზრდების განვითარების და გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად.

მიუხედავად იმისა, რომ „რადიო ტვ ნორი“ საკმაოდ მაღალი ხარისხის გადაცემებს 2006 წლიდან აწარმოებდა, ის ეთერში არ გასულა, სამაუწყებლო ლიცენზიის არქონის გამო. 2012 წელს IREX-ის G-MEDIA პროგრამის დაფინანსებით „რადიო - ტვ ნორ“–მა მულტიმედიური ვებ საიტი დაამზადა და ინტერნეტ მაუწყებლობა დაიწყო http://www.nor.ge/ „რადიო - ტვ ნორ“–ის თანამშრომლები დღემდე მონაწილეობენ IREX-ის G-MEDIA პროგრამის ტრენინგებში ახალი მედიის და კონტენტის წარმოების საკითხებზე.

ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის განხორციელებაც „რადიო - ტვ ნორ“-მა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო, „რადიო - ტვ ნორ“-ს საშუალებას აძლევს აწარმოოს რადიოგადაცემები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში და შეიძინოს რადიოსამაუწყებლო ლიცენზია და ეთერში გასასვლელად საჭირო დამატებითი აპარატურა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 34 ათასამდე მცხოვრებით, საიდანაც 6,000 ქალაქ ნინოწმინდაში ცხოვრობს, საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე განაპირა დასახლებაა, გამორჩეული მკაცრი კლიმატური პირობებით.  ეთერში მომაუწყებლე სათემო რადიო მეტად ძვირფასი შენაძენი იქნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის და მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ამ უმეტესად სასოფლო–სამეურნეო საქმიანობით დაკავებული თემის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას. გარდა ამისა, საეთერო მაუწყებლობა „რადიო - ტვ ნორ“-ს საშუალებას მისცემს, მიიზიდოს რეკლამა და განცხადებები ადგილობრივი მეწარმეებისგან, რადიო საკუთარი შემოსავლებით ამუშაოს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული დონორებსა და გრანტებზე, რაც რთული ამოცანა იყო ინტერნეტ მაუწყებლობის შემთხვევაში.

„რადიო - ტვ ნორი“ უკვე სარგებლობს სიყვარულითა და პოპულარობით ნინოწმინდის მცხოვრებთა შორის, როგორც მედია საშუალება, რომელიც ფოკუსირებულია  ადგილობრივ პრობლემებსა და თემატიკაზე. საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა მნიშვნელოვნად გააძლიერებს „რადიო - ტვ ნორ“–ის შესაძლებლობებს და ის თავისი საგანმანათლებლო საქმიანობით კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ნინოწმინდის თემის თითოეულ წევრს.

წინასწარ მოგახსენებთ მადლობას ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის.

პატივისცემით,

ააიპ „რადიო - ტვ ნორ“–ის გამგეობის თავმჯდომარე არარატ თთთიან