ფოთი ქალაქად გამოცხადდა 1858 წელს.მოსახლეობა იმ დროისათვის 107 კაცს შეადგენდა.მეტად საინტერესოა ქალაქის გეგმა.
ნიკო ნიკოლაძე წერდა: "ვინ იცის რა ბედი და მომავალი დაუწერია ამ ქალაქის შუბლზე მის გამჩენს! სანამ ფოთში პორტი არ გაიმართება,ისეთი,რომ ზღვის გემებს ყოველთვის შეეძლოს რიონში შესვლა,მანამდის ფოთის მომავალი ყინულზეა დაწერილი..."ყველაფერი სწორედ ნავსადგურიდან დაიწყო: 1897 წელს დაიწყო ნავსადგურის რეკონსტრუქცია,ფაქტობრივად ახალი მშენებლობა.ჟარინცევისა და შევროვის პროექტიდან,რომელიც 10 მილიონი დაჯდა,აღარაფერი დარჩა.ნავსადგური მთლიანად გადაკეთდა ნ.ნიკოლაძისეული პროექტის მიხედვით.საოცარია,მაგრამ მეტად სიმბოლური, რომ ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე ქალაქის თავმა ჩამოიყვანა სპეციალური გემები "კასტორი" და "პილექსი" ,რომლებიც საუკუნის მშენებლობის-პანამის არხის გაყვანაში იღებდნენ მონაწილეობას.გაღრმავდა და გაფართოვდა ნავსადგურის აკვატორიუმი.ბეტონის მასივები მთელი ერთი კილომეტრით შეიჭრა ზღვაში და ხელოვნური პოლისი შექმნა.აშენდა საწყობები,ჰაკჰაუსები, ნავსადგურს დაუკავშირდა რკინიგზა.ფოთის ნავსადგური ერთ-ერთ საუკეთესოდ იქცაშავ ზღვაზე და კეთილმოწყობის დონით მსოფლიოს პირველხარისხოვან ნავსადგურებს გაუტოლდა.
ფოთის დაგეგმარების დროს, ნ.ნიკოლაძემ ქალაქმშენებლობის მთელი გამოცდილება გამოიყენა,გაითვალისწინა რელიეფური და კლიმატური პირობები,რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში წერდა:'' ასე რომ შიგნით სამეგრელოში,გურიასა და იმერეთში ბევრი ადგილებია იმისთანები,რომელთაც უფრო ცუდი ჰავა აქვთ,სადაც უფრო ბუდობს ციებ-ცხელება, ვინემ ფოთში. ამის თავი მიზეზი უნდა იყოს ზღვის ჰაერი და ქარი, რომელიც ზღვიდან ყოველდღე ქრის ფოთში,ხან სუსტად,ხან კი ძლიერ ფანტავს მავნებელს ოხშივარს და წმენდს ქალაქს..."
ნ.ნიკოლაძს პროექტით გაკეთდა ქალაქის მოედანი.მას სხივებივით გამოეყო 12 სწორი ქუჩა,რომელიც გადაიკვეთა ჰორიზონტალურად განლაგებული ქუჩებით.დანარჩენი ტერიტორია დაგეგმარდა ჭადრაკულად და მიუერთდა ცენტრალურ ქუჩას.ასეთმა დაგეგმარებამ ფოთი "მსუნთქავ" ქალაქად აქცია.დილა-საღამოს ზღვიდან მონაბერი ჰაერი მთელ ქალაქს წმენდდა და ავსებდა.ამგვარად ფოთში საბოლოოდ მივიღეთ რადიკალურ-რკალური და ჭადრაკული დაგეგმარება.
მდინარე რიონი ჩაისვა ქვისა და ხის ჯებირებში,რათა ქალაქი დაცული ყოფილიყო წყალდიდბებისგან ,ასევე ცენტრალურ ქუჩაზე დაიგო ქვაფენილი,რიოზე გაიდო ხიდი.ხიდი გაკეთდა მდინარე მალთაყვაზეც-გურიისკენ მიმავალ გზაზე ჩატარდა მელიორაციული სამუშაოები,გაიყვანეს წყალსაწრეტი არხები.ქალაქის თავის ვარაუდი სულ მალე გამართლდა.ქალაქსა და ნავსადგურს შორის დატოვებული დაუსახლებელი უბანი, ე.წ. კუნძული შეივსო კაპიტალური სახლებით და კერძო მესაკუთრეთა საცხოვრებლებით,შეიქმნა საქმიანი უბანი.აშენდა ელექტროსადგური და 1908 წელს ფოთი მთლიანად განათდა.1904 წელს აშენდა საკათედრო ტაძარი. 1906 წელს გაიხსნა ვაჟთა კლასიკური გიმნაზია,ქალთა გიმნაზია.ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის პერიოდშივე დაარსდა საზღვაო სასწავლებელი,რომლის პირველი კურსდამთავრებულიც 1898 წელს ლეგენდარული გიორგი სედოვი იყო.
მოეწყო წყალსადენი,ბულვარი, ფოთმა შეძინა თანამედროვე, ევროპული ქალაქის ნირი.მეტად ლამაზი იყო ცენტრალური ქუჩა,რომელიც მდინარე რიომზე გადებული ხიდით გრძელდებოდა და ნავსადგურს უკავშირდებოდა.ისე,რომ პორტში გემის შესვლისას ქალაქის ცენტრალური ქუჩის გაყოლებით მოჩანდა როგორ შემოდიოდა ხომალდი ნავსადგურში.სამწუხაროდ 30-იან წლებში წისქვილკომბინატის მშენებლებმა არ გაითვალისწინეს ეს და ქალაქს თავისებური სიმბოლური კოლორიტი ჩამოაშორეს.
ანა გოგავა, მე-10 კლასი
ნიკო ნიკოლაძეს იცნობენ,როგორც საზოგადო მოღვაწეს,მწერალს,პუბლიცისტს,ლიტერატურის კრიტიკოსს, როგორც ქალაქ ფოთის თავს, რომელმაც ააშენა პორტი, როგორც დიდი ჯიხაიშის მკვიდრს, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ამ სოფლის აღორძინება,მაგრამ ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით,რასაც ის სინამდვილეში წარმოადგენდა.იყო უზარმაზარი ინტელექტი, შეუპოვარი მებრძოლი,მეწარმე და ევროპულად მოაზროვნე.
ფოთის ქალაქის თავად რომ აირჩიეს(1894), მაშინ ფოთი ერთ პატარა დასახლებას წარმოადგენდა, ევროპული ტიპის ქალაქად აქცია.მას, ზოგიერთი ქართველი მოღვაწისგან განსხვავებით კარგად ესმოდა საზღვაო ტრანსპორტის როლი ეკონომიკის განვითარებაში და მისი კავშირი რკინიგზასთან. 12 წელიწადი აშენებდა ფოთის პორტს.დააწესა გადასახადი, გამოუშვა ობლიგაცია...თავისი საქმიანობის ვრცელ საზღვრებში მოაქცია მრავალი უნიჭიერესი ადამიანი,საქმიან თვისებებს გადასცემდა ყველას.ბადალი არ ჰყავდა როგორც პუბლიცისტს,მენეჯერსა და ბიზნესმენს.ჰქონდა მეწარმისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება,ცოდნა,რისკიანობა,შეუპოვრობა,მიზანმიმართულობა.
ზედმეტია იმის თქმა, რომ ნ.ნიკოლაძის შეხედულებანი საოცრად პროგრესული და თანამედროვეთაგან საგრძნობლად განსხვავებული იყო.იგი აქაურ ვითარებასა და მდგომარეობას ყოველთვის ადარებდა სხვა მოწინავე ქვეყნებში არსებულ ყოფერებას და ამის საფუძველზე გამოჰქონდა მკაცრი განაჩენი არსებული სინამდვილისა.
ოცი წელიწადი მსახურობდა ნ.ნიკოლაძე ფოთის მერად.მართალია, მას ფოთი უყვარდა,მაგრამ მარტო თავისი ნება-სურვილით არ გამხდარა ქალაქის თავი,უყვარდა იმიტომ, რომ ბავშვობის დიდი ნაწილი ფოთში ჰქონდა გატარებული.დოკუმენტებში იგი ფოთის მოქალაქედ იხსენიება.მამამისს-იაკობ ნიკოლაძეს ფოთში დუქნები და ფაქტორიები ჰქონდა.შრომა რომ ჰყვარებოდათ,იაკობი ყოველთვის აყენებდა შვილებს საქმის კურსში.არც ნიკო იყო გამონაკლისინ.ნიკოლაძე ზედმიწევნით იცნობდა ფოთს.ბევრიც უწერია ფოთის მდგომარეობაზე.ქალაქის ჭირი და ლხინი გულთან ახლოს მიქონდა:
"ფოთის ადგილ-მდებარეობის უცუდესი მხარე ის არის, რომ ის მეტად დაბალი და ჭაობიანია: დიდი წვიმებისა და რიონის წყალდიდობის დროს ქალაქი წყლით სავსეა...რასაკვირველია,ამისთანა დაცემულს და წყლიან ადგილს მეტად ნოტიო ჰავა აქვს.პირველი შეხედვით,კაცი იტყვის,რომ ეს ხოლერის და ყველაგვარი ციებ-ცხელების ბუდე უნდა იყოსო და მართლაც,აქაური ჰავა კარგი არ არის.ფოთის გასაშრობად საჭიროა რიონის ნაპირის დაგუბვა და ამაღლება,მთელი ქალაქის სივრცეზე დიდძალი ქვიშის მოყრა და რუების გაყვანა.ფოთს დიდი როლი და კარგი სვე მოელის მომავალში,რკინიგზა ჩქარა შეაერთებს მას თბილისთან,მერე კასპიის ზღვასთანაც,შემდგომ ოდესმე შუა აზიასთან ,სპარსეთთან და შესაძლებელია ინდოეთთანაც.მაშინ ამ გზთ გაიმართება დიდი მოძრაობა,მისვლა-მოსვლა და აღებ-მიცემა ერთი მხრით ევროპასა და მეორე მხრით საქართველოს, შუა აზიასა და სპარსეთს შორის, და ფოთს თავისი პორტით ექნება დიდი მნიშვნელობა.იგი გახდება ერთი უდიდესი და უმდიდრესი სავაჭრო ქალაქთაგანი,იგი აჯობებს მაშინ ოდესასაც..."(1871)- სწორედ ასეთად ესახებოდა დიდ მოაზროვნეს ქალაქი ფოთი და მიზნად ისახავდა იმ მძლავრი არტერიის აღდგენას,რომელიც უძველეს დროში ფაზისზე გადიოდა.1871 წლის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა,მაგრამ ფოთის მდგომარეობა არ იცვლება.ბევრს ფიქრობდნენ,შრომობდნენ, საგრძნობი წინსვლა კი მაინც არ ჩანდა.მაშინ, ფოთელმა ხმოსნებმა გადაწყვიტეს ნ.ნიკოლაძისთვის მიემართათ თხოვნით და იგი ქალაქის მერად მიეწვიათ.1894 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა ფოთის ქალაქისთვის არჩევნები, 210 კაცი მონაწილეობდა არჩევნებში.193-მა ნ.ნიკოლაძეს დაუჭირა მხარი.
ნ.ნიკოლაძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1895 წელს მან შუამდგომლობა აღძრა მთავრობის წინაშე ფოთის ნავსადგურის გაფართოებისა და კეთილმოწყობის თაობაზე.დაძაბული სამუშაოების შემდეგ მიიღო ნავსადგური გაფართოვების უფლება.მეფის მთავრობამ არავითარი სახსარი არ გაიღო საქართველოს ძალზე მნიშვნელოვანი საქმისთვის. ნ.ნიკოლაძემ მიაგნო გამოსავალს და მეფის მთავრობა აიძულა ,მიეცათ ნებართვა ქ.ფოთისთვის 2 მილიონი ობლიგაციის გამოცემაზე,რომელიც ნავსადგურში შემოტანილი და გატანილი ტვირთის ბაჟით უნდა დაფარულიყო (თითო ყუთზე თითო კაპიკის ოდენობით). გარდა 2 მილიონი ობლიგაციისა, ნ.ნიკოლაძემ ფინანსურ-ეკონომიკური ოპერაციები ჩაატარა,რამაც ქალაქის შემოსავალი სამჯერ გაზარდა.
1897 წელს დაიწყო ფოთის ნავსადგურის რეკონსტრუქცია. ნ.ნიკოლაძემ მოახერხა ფოთში სპეციალური გემების ჩამოყვანა შორეული ამერიკიდან,რომლებიც პანამის არხის გათხრაში იღებდნენ მონაწილეობას,გაღრმავდა და გაფართოვდა ნავსადგურის აკვატორია,ბეტონის ჯებირები მთელი ერთი კილომეტრით შეიჭრნენ ზღვაში და ხელოვნური ბოღაზი შექმნეს.აშენდა საწყობები,ნავმისადგომებთან გაიყვანეს რკინიგზის ხაზები და სახმელეთო არტერია უშუალოდ დაუკავშირდა ზღვას.ფოთის ნავსადგური ერთ-ერთ საუკეთესო ნავსადგურად იქცა შავ ზღვაზე და კეთილმოწყობით მსოფლიოს პირველხარისხოვან ნავსადგურებს გაუტოლდა.
მდინარე რიონი ქვისა და ხის ჯებირებში მოაქციეს,რათა ქალაქი დაცული ყოფილიყო წყალდიდობისგან.დაიგო ქვაფენილი ,გაკეთდა ბულვარი, წყალსადენი,დაირგო მრავალი ჯიშის ხე.
1898 წელს ნ.ნიკოლაძის თაოსნობით გაიხსნა ფოთის საზღვაო სასწავლებელი,ხოლო ფოთის სამეგრელო საქალაქო სასწავლებელმა 1900 წელს პარიზში მსოფლიოს ხალხთა მიღწევების გამოფენაზე ოქროს მედალი მიიღო.1904 წელს აშენდა კათედრალური ტაძარი ,1906 წელს გაიხსნა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები.აშენდა ელექტროსადგური.ყველაფერი ეს გაკეთდა სულ რაღაც 10 წელიწადში.
ფოთში ინტენსიურად იწყეს სვლა გერმანიის,საფრანგეთისა და აშშს გემებმა.მამანტი პაჭკორიას წიგნში-"ფოთის წარსულიდან" -გამოქვეყნებულია დოკუმენტი.იგი დაწერილია 1914 წელს და წარმოადგენს მიმართვას ფოთის ხმოსან ამომრჩეველთადმი.მიმართვაში ჩამოთვლილია ისიც,რაც უკვე გაკეთდა და ისიც, რის გაეთებასაც ნიკო მომავლისთვის გეგმავდა.
რა გააკეთა:
"1) წყალდიდობისაგან აკლებულ ფოთს ულმობელი სტიქიისგან დაცვა სჭირდებოდა. ამისთვის ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო და ახლა წყალი ისე თავისუფლად ვერ დასეირნობს ქუჩებში, როგორც ადრე.
2)შავს ვარსკვლავზე დაბადებული პორტი მკვდრეთით აღდგომას ლამობდა და გაცოცხლდა ნავსადგურის თანხლებით.
3)გადაჭიმა 3 ხიდი,რომელთაგან 2 ქალაქსა და დიდ კუნძულსპორტთან აერთებს და მესამე -ფოთელებს გურიასთან.
4) ახალი ხიდების აგებით გააუქმა მდინარე მალთაყვაზე და რიონზე ნავებით გადაყვან-გადმოსაყვანი უზომო გადასახადი,გაჭირვებული ხალხის შემავიწროვებელი.
5)მოსპო ძველი რკინიგზის ხიდზე დაწესებული ბაჟი.
6) ააშენა ელექტროსადგური.
7)გააბა ტელეფონის ქსელი,რომლის ბოძები თავმორთულ კეკლუც პატარძლებივით ამშვენებს ქუჩებს.
8) გააკეთა ნაცვლად ხის სახლებისა ,ლამაზი,ორსართულიანი ქვის შენობები ,სკოლები და გიმნაზიები.
9)უხერხულ ადგილას მოთავსებული სავაჭრო მოედანი გადაიტანა მოხერხებულ ბინაზე,სადაც გაშენებულია გადახურული ბაზარი და სასწორი.
10)მოაწყო სასაკლაო.
11)განაახლა ქალაქის კოშკი.
12) მოუპოვა სამკურნალოსა და პოლიცია საკუთარი ბინა.
13) მოაწყო რკინიგზა.
14) მოკირწყლა და გაიყვანა გზები.
15)ქალაქის განაპირა ადგილების(ჩოჩხატის აგარაკის) შეძენა ბანკიდან.
16) საქონლის საწყობების გამართვა პორტში და სხვა...."
ამის გაკეთებას არა მარტო მძიმე თავგადადებული შრომა,უძილო ღამეები სჭირდებოდა,არამედ ჯანღონისა და ნერვების ხარჯვაც.მაინც არ ისვენებდა,ახალ-ახალ გეგმებს აწყობდა..ახლა ვნახოთ ისიც, რისი გაკეთებაც მომავლისთვის სურდა:
"1) რიონის პორტთან არხით შეერთება.
2)რკინიგზის საქონელზე ბაჟის დადება ქალაქის სასარგებლოდ.
3)საავადმყოფოს დაარსება.
4)ქალაქის საზოგადო ბანკის გახსნა.
5)სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსება.
6)სამასწავლებლო სემინარიის დააარსება.
7) სამეურნეო და საოჯახო სკოლის გახსნა.
8)მანქანების და მოტორიანი გემების შეძენა.
9)კურორტის გამართვა ზღვასა და პალიასტომს შორის
10)სახალხო სახლისა და თეატრის აშენება და სხვა...."
ნ.ნიკოლაძის ფოთში მოღვაწეობის უკანასკნელი წლები აღსავსეა ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტებით..საბოლოოდ იგი გადააყენეს ცრუ ბრალდებებით.1915 წლამდე ქალაქი ფოთი ხელფასს უხდიდა ნამდვილ ქალაქის თავს,ხოლო როცა მთავრობამ ესეც აკრძალა,ნიკოს ფოთელებმა პერსონალური პენსია დაუნიშნეს.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი დიდ ჯიხაიშში და ჩემი შთაბეჭდილება
რა ემოცია შეიძლება დაგეუფლოს,როდესაც იმ ადგილას გაივლი, სადაც ოდესღაც ასეთ დიდ ადამიანს გაუვლია,ადამიანს რომელსაც უდიდესი ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში? ადამიანს, რომლის ქალაქსაც ჩემი ქალაქი უკავშირდება,რომლის ძალისხმევის წყალობით შემიძლია ვთქვა,რომ მე ვარ ფოთელი! მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ხუთჯერ მაინც ვარ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ნამყოფი,არასოდეს მომბეზრდება მისი დიდებულებით ტკბობა. წარმოუდგენელი სილამაზის მნახველი გავხდი, ვინაიდან გაზაფხულზე ბაღი აყვავებული და გაცოცხლებული დაგვხვდა. ნანახმა დამატყვევა და სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში ამ ადგილის სილამაზე.გარდა ბუნების სილამაზისა, აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ სახლია გასაოცარი და ამაღელვებელი. ყოველი ნივთი, ყოვეელი სურათი განაკუთრებულ აურას ქმნის სახლში.ვერ იჯერებ,რომ ეს მართლა ის ადგილია,სადაც ნიკო იჯდა,იდგა,მოღვაწეობდა და ისეთ დიდი ქართველთან , როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო, საქვეყნოდ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდა. ხოლო, როდესაც გავეცანი ნიკო ნიკოლაძის შთამომავლობის მიღწევებს, ამან კიდევ უფრო დამარწმუნა მისი და მისი დნმ_ის ყოვლისშემძლეობაში.
დასასრულს, მინდა ავღნიშნო,რომ რამდენჯერაც უნდა ვეწვიოთ ამ სახლ-მუზეუმს,ამ ადამიანის გენიალურობა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაკვირვებს და არ მეკარგება ინტერესი მისი ცხოვრების დეტალების გაცნობის.
მე-10 კლასის მოსწავლე ნატალი შულაია
ვიზიტი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში_შთაბეჭდილებები
წარსულთან შეხებისას ადამიანებს ყოველთვის ეუფლებათ რაღაც უცნაური განცდა:
სიამაყის; დაბნეულობისა თუ გაოცების. ასევე დიდია შთაბეჭდილება,როცა დიდი
ადამიანების ცხოვრებას ეცნობი,თითქოს მათთან ერთად გადიხარ მათსავე ცხოვრების გზას.
ნიკო ნიკოლაძე_ერთ–ერთი ქართველი საზოგადო მოღვაწე,რომლის წვლილიც ქართული და
მსოფლიო ისტორიის სარბიელზეც ნამდვილად ფასდაუდებელია. ნიკო ნიკოლაძე
ისტორიაში შევიდა,როგორც ადამიანი,რომელიც ქვეყანას ემსახურებოდა არ ამარტო
სიტყვით,არამედ_ საქმითაც.
დიდ ჯიხაიშში დგას ერთი ,არც თუ ისე დიდი,მაგრამ გამორჩეული სახლი, რომელიც დიდ
შთაბეჭდილებას ახდენს არა მხოლოდ საკუთარი მფლობელებით,არამედ ულამაზესი ბაღით
და განსაკუთრებული არქიტექტურითაც.
სწორედ ამ სახლში სახლობდა ნიკო ნიკოლაძე_ადამიანი,რომელმაც მთელი ცხოვრება
შესწირა ჩემს სამშობლოსა და მშობლიურ ქალაქს.
დღეს ნიკოლაძის მამული სახლ–მუზეუმადაა ქცეული. ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა
რაღაც განსაკუთრებული,თითქოს ულამაზესი ხეებით დამშვენებული ხეივანი გამზადებს
სახლთან შესახვედრად.თვითონ სახლი კი სადა და მყუდროა,მაგრამ გემოვნებით
მოწყობილი.
სახლის დათვალიერებისას უამრავი საინტერესო რამ გავიგე და ვნახე,მაგრამ
განსაკუთრებით ნიკოს სამუშაო ოთახი მომეწონა: ძველი ყაიდის ავეჯი, ჭადრაკისა თუ შაშის
უცხოეთიდან ჩამოტანილი დაფები;
მეუღლისათვის ნაჩუქარი საათი თუ ფოტოები საოჯახო ალბომიდან. . .
რამდენი რამ უნახავს აქაურობას,რამდენი მოგონებაა ამ სახლის კედლებში. თვით ნიკოს
საბეჭდი მანქანააც კი აქაა,რომელიც თითქოს კვლავ ელის პატრონს,რათა კვლავ ერთად
წერონ.
სიამაყით აღვივსე,როცა ქალაქ ფოთის შესახებ შექმნილ მასალებს გავეცანი. ყველაფერი,რაც
ნიკომ ჩემი ქალაქისათვის გააკეთა, ამ ერთ დარბაზში იყო ჩატეული,თითქოს მეც გავიარე
ყველაფერი ის,რაც ფოთმა. რამდენიმე წელიწადში დაჭაობებული ქალაქი ევროპული დონის
ქალაქს დაემსგავსა და ეს ყველაფერი ნიკოს დამსახურებაა.
ყველაზე მეტად ემოციური კი ალბათ ნიკოს ბოლო წლებთან „შეხებაა“. მართლაც
გასაოცარია,რომ რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა,ის მაინც წაცა ამ ქვეყნიდან,ამიტომ ყველა
უნდა ცდილობდეს რაღაც დაუტოვოს ხალხს გასახსენებლად,რათა გაიხსენონ მისი
სახელიც_ისევე,როგორც ნიკო ნიკოლაძემ უკვდავჰყო საკუთარი ხსოვნა.
VIII კლასის მოსწავლე ნინო ბუკია
ულმობელი საქმის კაცი
ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლა და ეკონომიკური აღორძინება – ეს ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ცნება არა მარტო გასული საუკუნის, არამედ დღევანდელობის არსებითი საფიქრალიცაა. სამწუხაროდ, დღეს ისევ გამოსავალს ვეძებთ, ისევ წინაპართა ნააზრევში ვიხედებით, რადგან უკეთესი ვერც მოვიფიქრეთ და მათი ღვაწლიც დავივიწყეთ.ამიტომაც აქტუალურად და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ყველა იმ ადამიანის აზრი, ვინც თავის დროზე ქვეყნისთვის ასე საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდა და წერდა…
“რამ დასცა ჩვენი მამული?” – გაუხუნარი შეკითხვა, რომელიც ქართველებს ლამის ბედისწერად გვექცა და ყველა დროის მოაზროვნეთა მიერ მოძებნილი მტკივნეული, პირუთვნელი პასუხი, ყველა ჭირისუფლის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც საბოლოოდ დამნაშავედ საკუთარ უნიათობას ასახელებს. ეს კითხვა აწუხებდათ ნიკო ნიკოლაძესა და ილია ჭავჭავაძეს. ფასდაუდებელია ამ ორი უდიდესი მოაზროვნის ღვაწლი სამშობლოს წინაშე . თუმცა ეპოქალურმა სინამდვილემ გახლიჩა მათი იდეები და მსოფლმხედველობა,რის შედეგადაც მათი გზები გაიყო და ილია ჭავჭავაძე პირველ დასელებს ჩაუდგა სათავეში, ისინი ჰუმანიტარულ–ლიტერატურულ მიმართულებას ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო ნიკო ნიკოლაძე მეორე დასელებს შეუერთდა,რომლებიც პროგრესულ–დემოკრატულ იდეებს თვლიდნენ უმთავრესად და უპირველესად.
პირველ დასელები :
ილია ჭავჭავაძე
აკაკი წერეთელი
ვაჟა-ფშაველა
იაკობ გოგებაშვილი
ალექსანდრე ყაზბეგი
მეორე დასელები:
ნიკო ნიკოლაძე
სერგეი მესხი
გიორგი წერეთელი
ეს ორი კაცი, ორი დიდი ქართველი, ქვეყნისათვის თავდადებული მოღვაწე, ეს ორი მეთაური საზოგადოებრივი ცხოვრებისა, ეს ორი ურთიერთდამფასებელი და ერთმანეთის მოყვარული კაცი განსხვავებულად ხედავდა ქვეყნის განვითარების გზას.
თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ახალი თაობის ყველა გამორჩეული კაცი ერთადაა. ერთად მონაწილეობენ 29 იანვარს კავკასიის მუსიკალური საზოგადოების დარბაზში გამართულ ლიტერატურულ საღამოში.მაგრამ ქუთაისის ბანკის მმართველის კანდიდატურის განხილვისას ნიკოლაძის და ილიას აზრები გაიყო ამ საკითხში, მესხი ნიკოლაძეს მიემხრო.ეს იყო პოზიციების შეჯახება, ილია ამ დავაში საპირადოს ვერაფერს ხედავდა და არც ნიკოლაძეს შეხებია პიროვნულად, მაგრამ მისი ოპონენტი, ცოტა არ იყოს, დაუნდობლად იქნევს კალამს.ნიკოლაძე პირდაპირ მიუთითებს, რომ ილია ღოღობერიძის დაცვით საკუთარ თავს იცავს, ვინაიდან ისიც ბანკის მმართველია და მასაც იმავე პრინციპზე აქვს აწყობილი თავისი ბანკის წესდება, როგორც ქუთაისის ბანკის მმართველსო.ილია ამას არც უარყოფდა. იგი სწორედაც იმ გარემოებას აღნიშნავდა, რომ ნიკოლაძის პოზიციას თუ გავიზიარებთ ბანკის წესდებაზე, “ამას საქმის წახდენა შეუძლია არამცთუ ქუთაისის, არამედ ტფილისის გუბერნიაშიცო’’…
ილია ჭავჭავაძისათვის მამულის სიყვარული ქართველთა ეროვნული რაობის ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა.იგი წერდა:“თქვენი მამული გიყვარდეთ, ოღონდ კი მის სასარგებლოდ იშრომეთ, ოღონდ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მისი სახელის განდიდებაზე, მისი კეთილდღეობის მოახლოებაზე იმეცადინეთ, ეცადეთ, გონიერი, სწავლული და პატიოსანი გამოხვიდეთ, მარტო ამითაც შეგიძლიათ საქართველოსთვის ხეირის მოტანა, მართალია, ჩვენი ქვეყნისთვის ის უფრო ემჯობინება, რომ მისი ჩინებულათ ნასწავლი და დახელოვნებული შვილები დანარჩენ მის შვილებს პირდაპირ ეხმარებოდნენ, მაგრამ, ესეც რომ არ იყოს, მე ოცდაათს შინაურ “უმეცარს” ერთი გასული “ნასწავლი” მირჩევნიაო.”ილია ჭავჭავაძე ქართველ ერს უძველესი დამოუკიდებელი სამიწათმოქმედო კულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხად,ხოლო საქართველოს,მის ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი მრავალფეროვნების გამო,აგრარულ ქვეყნად მიიჩნევდა.ერის მამა მიეკუთვნებოდა ფართო აგრარული რეფორმის იმ მცირერიცხოვან მხარდაჭერთა ჯგუფს,რომელთაც ამოცანად დასახული ჰქონდათ სოფლად თვითმმართველობის დამკვიდრება და საგლეხო მიწათმოქმედების გაფართოება.
აგრარული ქვეყანა
ხოლო ნიკო ნიკოლაძეს ვაჭრობა მიაჩნდა იმ ბერკეტად,რასაც უნდა შემოებრუნებინა მრეწველობა,განევითარებინა ადგილობრივი სოფლის მეურნეობა,წინ წაეწია საზოგადოება და გაეძლიერებინა ეკონომიკა.
ნიკო ნიკოლაძემ წინა პლანზე პრაქტიკული და პრაგმატული საკითხები წამოსწია, რაც მთლიანად შეესაბამებოდა საქართველოს განვითარების მოთხოვნებს. იგი პირველია ქართველ მოაზროვნეებში, ვინც ცივილიზებული ვაჭრობის პროპაგანდა და მისი განხორციელება დაიწყო. უდიდესი წვლილი მიუძღვის მას ქალაქ ფოთის აღმშენებლობაში და მისი პროფილის განსაზღვრაში, პორტის ელექტოფიკაციასა და მექანიზაციაში. მან ფოთის პორტის აღორძინებით ფანჯარა გაჭრა ევროპაში მომავალი საქართველოსათვის. უდიდესი შრომა გასწია მან ტყიბულის ქვანახშირის საბადოს ათვისებისა და ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის მონაკვეთის გასაყვანად, ჭიათურის მანგანუმის წარმოების სამრეწველო დონეზე დასაყენებლად, შორაპან-ჭიათურის სარკინიგზო ხაზის გასაყვანად, რითაც მანგანუმის სწრაფი გადაზიდვის საქმეც მოაგვარა და გააიაფა კიდეც.აქტიურად მონაწილეობდა ნიკოლაძე ასევე თბილისის წყალსადენის მშენებლობაში, კახეთის რკინიგზისა და სურამის გვირაბის გაყვანაში, ქუთაისის აღმშენებლობაში, ტრანსციმბირის რკინიგზის მშენებლობაშიც კი, მანვე მოიწვია როტშილდი კავკასიაში, ფოთში დააარსა ნამდვილი თანამედროვე ბანკი, პირველად საქართველოში დაბეჭდა ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები და ფოთის კეთილმოწყობას მოახმარა (ნახევაკაპიკიან გადასახადთან ერთად), რაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო მაშინდელ საქართველოში. მანვე 1918 წელს გერმანელ დიპლომატებთან საუბარში წამოაყენა ევროპის აზიასთან ვაჭრობის ფოთზე გატარების იდეა (ბერლინი-ფოთი-პეკინი), რამაც დღეს ხორცი შეისხა ევრაზიული დერეფნის და გადაზიდვის სახით.
ფოთის პორტი
საქართველო ვალშია თავისი უდიდესი მოაზროვნის წინაშე. ნიკო ნიკოლაძე წერდა ქართულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, თანამშრომლობდა უამრავ გაზეთთან და ჟურნალთან, აქ თუ საზღვარგარეთ, თავად აარსებდა გაზეთებსა და ჟურნალებს სხვადასხვა ენებზე. მისი ნაწერები 20 ტომზე მეტს შეადგენს. ნიკო ნიკოლაძე იყო ყოველივე პროგრესულის და მაღალტექნოლოგიურის პირველი პოპულარიზატორი და დამნერგავი საქართველოში, ახალი იდეების გენერატორი და განმახორციელებელი, ქვეყნისათვის მიმართულების მიმცემი დიდი მამულიშვილი. ასეთი დიდკაცები ყველა ერს როდი ჰყავს. დროა ვისწავლოთ ასეთების დაფასება და მათთვის კუთვნილი, სათანადო ადგილის დროულად მიჩენა.
“მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა, სხვისთვის თაყვანი არ მიცია… მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად, თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა… შენი ბედი და უბედობა, შენი ავი და კარგი, ჩემი პირადი ბედი და უბედობა, ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა… მე დამივლია მთელი ევროპა, არც საფრანგეთის ამაღელვებელ და აღმტაცებელ ცხოვრებას, არც პეტერბურღის განსაცდელით მიმზიდველ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას არასოდეს არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შევუცდენივარ და არ მივუზიდივარ… ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და იქაური დიდი გავლენის იმედს, იმის მაგიერ, რომ იქაურ ცხოვრებას მივებირე და სხვებსავით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც კი ვყოფილიყავი, შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა… სხვაგან და ჩვენში, მწერალი თუ გაჩუმებული, მუდამ შენი ერთგული მსახური ვიყავი.”-ასე წერდა და ფიქრობდა მეამბოხე პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე.
ნიკოლაძე მაქსიმალისტი იყო, თუმცა ყველაფერში ზომიერებას ანიჭებდა უპირატესობას, განსაკუთრებით ქვეყნის ეროვნული და პოლიტიკური პრობლემების მოგვარების საქმეში. “ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიღწევა”,– გვმოძღვრავდა დიდი დემოკრატი და იმასაც ამატებდა, რომ გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველი იყო და იქნება ქვეყნისათვის: “გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკური საქმეების საშუალებით იგვარებს უმაღლეს სახელმწიფო საკითხს”.თავის პუბლიცისტურ წერილებში ნ. ნიკოლაძე წერდა და აშუქებდა საფრანგეთსა და ინგლისში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარდაქმნებზე იმ იმედით, რომ თავის სამშობლოში გათვალისწინებული იქნებოდა ის შედეგები, რაც ფრანგული და ინგლისური დემოკრატიული საზოგადოების შენებას მოჰყვა.
დღესაც უაღრესად აქტუალურია ნიკო ნიკოლაძის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა გზა უნდა აირჩიოს ერმა სამომავლოდ: “როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში”, - წერდა იგი.
ნიკო ნიკოლაძის აზრით, თავისუფლების მომტანი ძლიერება ქართველების მიერ ათვალწუნებულ ანგარიშიანობასა და წესრიგში, შინაგან დისციპლინასა და ყაირათიანობაშია. ამიტომაც ფიქრობს, რომ არაფერი შეიცვლება, არაფერი გვეშველება, მანამ, სანამ “ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას სისხლსა და ხორცში ის რწმენა არ გაუჯდება, რომ საზიზღარი, სამარცხვინო და სათაკილო ამ ქვეყნად მხოლოდ უსაქმურობა და მუქთა პურის ჭამაა…”
დიდ რეფორმატორს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა და გაძლიერება მიაჩნდა უპირველეს პრიორიტეტად. ის გამუდმებით ფიქრობდა ქვეყანაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საზღვარგარეთ გატანის საქმეზე, რკინიგზებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. მიაჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი ჰიდრორესურსების წყალობით და მათი გეგმაზომიერი ათვისებით შესაძლებელი იქნებოდა “აუცილებელი რევოლუცია ეკონომიკურ წეს-წყობაში, რევოლუცია ფინანსებში, მრეწველობაში…”
ჰიდრორესურსები
საქართველოში მრეწველობის განვითარებაში ნიკოლაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი _ მთელი ინდუსტრიული დასავლეთ საქართველო _ ნიკოლაძის ნათელი გონების მუშაობის შედეგია.
ნიკო ნიკოლაძის მიერ ჩატარებული უზარმაზარი მოცულობის სამუშაო ძალზე წააგავს გამოცდილი ექიმის მიერ ავადმყოფი პაციენტის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებს: დიაგნოზის დასმა ანუ ავადმყოფობის მიზეზების დადგენა – თუ რითაა ადამიანი ავად; შემდეგ კი შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა (ანუ წამლების გამოწერა). დანარჩენი უკვე პაციენტის საქმეა – თუ როგორ შეასრულებს იგი ექიმის დანიშნულებას – გულმოდგინედ თუ დაუდევრად. ნიკო ნიკოლაძემ შეისწავლა მრავალეროვნულ საქართველოში (თავად მრავალეროვნულობაც, მას პატარა და დიდი ქვეყნებისთვისაც, ძალზე დიდ თავსატეხად და პრობლემების შემქმნელად მიაჩნდა: “შიგნიდან ციხესაც და მხარესაც აუძლურებს და სტეხს მრავალ-ფერობა და სხვა და სხვა გვარ-ტომობა მისი მცხოვრებლებისა’’) და გულმოდგინედ გამოიკვლია საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მიზეზები და ადეკვატური მკურნალობაც შესთავაზა ქართულ საზოგადოებას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ისე მის შემდეგ (1918-1921 წ.წ).საქართველოს შეფერხებისა და ჩამორჩენის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნიკოლაძეს მიაჩნდა მმართველობის ფორმა და მართვის პრობლემები.
ნიკო ნიკოლაძეს კარგად ესმოდა, რომ განსაკუთრებით რთულია მართვის მეცნიერული მეთოდების დაუფლება იმ განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მეტროპოლიის უღელქვეშ გმინავდნენ და რომ ამ მეთოდების დაუფლებას საკმაო დრო და გამოცდილების დაგროვება სჭირდება: “როგორც ბავშვი უნდა დაეცეს მრავალჯერ, რათა საიმედო და სწორი ნაბიჯების გადადგმა ისწავლოს, ისე საზოგადოებაც ვარდება გამოუვალ მდგომარეობაში, განიცდის მარცხს, ვნება მოაქვს თავისთვის, სანამ ჩასწვდებოდეს საკუთარი თავის მართვის ბრძნულ მეცნიერებას. ეს საერთო ხვედრია ყველა განვითარებადი საზოგადოებისთვის, რომელიც საუკუნეობრივი ძილისა და აპათიის მდგომარეობიდან გამოდის”, – წერდა იგი.
საქართველოს ნორმალური განვითარების ერთ-ერთ უდიდეს შემაფერხებლად ნიკო ნიკოლაძე თვლიდა მეტისმეტ რადიკალიზმს და უკიდურესობათა გამოვლინებას, ზომიერების დეფიციტს, კლასობრივი ბრძოლის მეტისმეტ გამწვავებას და მცირე ძალებით გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან უაზრო შებმას რევოლუციური იდეებისთვის.
ნიკო ნიკოლაძე მიუთითებდა, რომ სამი მტერი ჰყავსო ქართულ განვითარებას. ერთი საკუთარი მწერლობის აზრის სივიწროვე, თუ ინერცია. მარტო ის სწამს და ახსოვს, რასაც დიდი ხანია შეჩვევია: “დედა-ენის მეტი თუ რამ სჭირია ერს, ბევრს როდი ესმის. მეორე უბედურება ის გვჭირს, რომ ოჯახი, შკოლა ჯერ როდი გვაძლევს საკმაო მომზადებას. ამის გამო სხვის ლიტერატურაშიაც უფრო მჩატეს, შემცდარს, შეშლილსა და უვიც მწერლებს ვეწაფებით, ვიდრე თანამედროვე ცოდნით დაიარაღებულს. მესამე, ორივეზე უფრო მძიმე გასაჭირი ისაა, რომ ვისაც ჩვენში ღირსებია ნამდვილი განათლების, სწორე ცოდნის შეძენა, ის როდი ეკარება ჩვენს მწერლობას, ან ჩვენს საზოგადო საქმეებს. ამ მიზეზით ესენი თითქმის ერთიანად ერთობ დაუმზადებელი მეთაურების” ხელშია” .სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ამბავი, რომ ნამდვილი ავტორიტეტები და ლიდერები ჩრდილში რჩებიან ყოველთვის: “ მოდიოდნენ ჩვენში მეთავურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ. “ამბოხება დავიწყოთო”,– დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქოს თხას ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოუთხოვია მათგან ან ახსნა, ან ცოდნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ. გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს” . შესაბამისად, თავისი მრწამსიდან გამომდინარე, ნიკო ნიკოლაძე ვერ იტანდა კლასობრივი ბრძოლის პროპაგანდისტებს და რადიკალებს, რომელთაც ყოველდღე რევოლუცია ელანდებოდათ. იგი დაბეჯითებით უხსნიდა მათ, რომ “ამბოხება, რევოლუცია ქვეყნიერების არსებობაში ისეთივე იშვიათი, “ერთიწუთი” მოვლენაა, როგორც ელვა, მეხი. შესაძლოა განა, ადამიანი სულ იმას ნატრობდეს, რომ ჭექა-ქუხილი და მეხის ტეხა განუწყვეტელი იყოსო, რომ სხვა ძალა ქვეყანაზე არ მოქმედებდესო და მუდამ მეხის მზადებაში ლევდეს თავის ღონეს? განა მეხი, ფურთვნა, მიწის-ძვრა კაცის ხელით მზადდება? უეჭველია, ღვინო ვერ დადგება, თუ შფოთიანი დუღილი არ გამოიარა... ნუთუ აქედგან ის აზრი გამოდის, რომ ღვინო ნიადაგ უნდა დუღდეს? კაი შვილიც დადგება. ბალღს ღვინის კეთებაში, რასაკვირველია, მარტო ქაფის ფარფაში, ბუშტების ტკაცა-ტკუცი, მოძრაობა, ხმაურობა ახალისებს და ამახსოვრდება, თორემ რა გაეგება იმ ნელის, ჩუმის, შეუმჩნეველი ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც ყურძნის სიტკბოს სპირტად აქცევს. ბავშვს ეს არც კი მოეთხოვება, მაგრამ რით აიხსნება ესრეთივე შეცდომა მოზრდილისა?“.
ქართველი ხალხის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს შემფერხებელ მიზეზად ნიკოლაძე თვლიდა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თითქმის არქონას, მეცნიერებისა და განათლების ჩამორჩენას ევროპული ანალოგისგან და მიღწევებისგან.
მისი აზრით , თუ ადრინდელ ხანაში ქართველი კაცი სიმამაცისა და თავგანწირულების ხარჯზე იცავდა ქვეყანას დიდი რაოდენობის მომძლავრებული მტრისაგან, შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ახალი ძალები გაჩნდა. ზოგიერთი ხალხი მეცნიერებამ ერთობ დააწინაურა და ვინც ამ მეცნიერებას არ მიეკარა, ის უწინდელივით სუსტი დარჩა. შემოღებული იქნა ახალი საბრძოლო იარაღები, ისეთი ზარბაზნები, რომელსაც წინ ვეღარ დაუდგა ვერც-ერთი ჩვენი ციხე-დარბაზი. ჩვენ არც-კი ვიცოდით, თუ ამნაირი მანქანა სადმე არსებობდა... “და რაც მტრის რიცხვს ჩვენთვის ოცი საუკუნის განმავლობაში ვერ დაეკლო, ის ოცი წლის წლის განმავლობაშუ მტრის დაწინაურებამ წაგვართვა: მაშინ უცხოეთის წინ დაიჩოქა ჩვენმა გონებამ, რაკი სცნო, რომ უცხოეთი ჩვენზე უფრო ოსტატი, უფრო მეცნიერი, უფრო გონიერი ყოფილა (ეს პროცესი დღესაც გრძელდება XXI საუკუნეში). რაკი ჩვენ რწმუნება დავკარგეთ ჩვენს თავზე და გონებაზე, რაკი ჩვენს საკუთარ გულში ბრმად და ხეპრედ ვიცანით თავი, რაკი ის მორალური ძალა ხელიდან გაგვიცურდა, რომელიც ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ უფრო მომეტებულ მტერს, მას აქეთ ჩვენ მოვტყდით და წავხდით. მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმა “რწმუნების დაკარგვამ” წაგვახდინა. აღარ გვწამდა ჩვენი თავი (ასეა დღესაც ), უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა. აი, მარტო მაშინ გაგვიჯდა ტვინში ის პანიკა, ის ახალი, უცნობი ძალის შიში, რომელიც ხშირად მილიონებისგან შემდგარ ხალხს ათას კაცს უმორჩილებს... ნიკოლაძე ხედავს იმასაც, რომ მას მერე ჩვენი ხალხი ბევრად წინ წავიდა, განვითარდა, მაგრამ “დღეს ყველა ჩვენი მეზობლები, და მთელი უცხოეთი, ათი-ათასჯერ, ან ასი ათასჯერ დაწინაურდნენ უწინდელზე, ჩვენ კი მარტო ათასჯერ გავმაგრდით... აი , ეს გარემოება შეადგენს ჩვენს უბედურებას, თორემ ჩვენი მეზობლები რომ ჩვენზე უფრო არ დაწინაურებულიყვნენ, დღესაც ისე ადვილად შეგვეძლებოდა მათი მორევა და მათ შუა მარჯვედ გამოჭიმვა, როგორც უწინ გვჩვეოდა”.
ნიკოლაძე გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ქართველობა უცხოურ მიღწევებს, მეცნიერებასა და ტექნიკას დაეუფლოს, ისწავლოს დაწინაურებული ქვეყნებისაგან.ნიკოლაძე მომხრეა პოლიტიკური პლურალიზმის და აზრთა შეტაკების, რომელიც სრულიადაც არ სპობს ნამდვილ დისციპლინას: “ვიბრძოლოთ ერთმანეთს შუა, ერთის აზრს მეორის შეხედულება შევატაკოთ, ვეცადოთ ხალხი მონაწილე გავხადოთ ამ ბრძოლისა და ჭკუის მოძრაობისა, და მერე თუ ნამდვილად მამული გვიყვარს, თუ მისი სიკეთე კერძო თავმოყვარეობაზედ უფრო დიდათ მიგვაჩნია, ყველა იმ გადაწყვეტილებას დავადგეთ, რაც უმრავლესობამ მიიღოს. ამ უმრავლესობისაგან მიღებულის გადაწყვეტილების ერთგულება შეადგენს ნამდვილსა და გამოსადეგ დისციპლინას და არა მონობა ერთის რომელისამე კერპისა, არა თვალდახუჭული დაჯერება იმისა, რასაც ეს კერპი წამოროტავს ან ბრძანებს”.
ნიკოლაძე გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ რაც ჩვენი მომავლისათვის საჭიროა, იმას ჩვენ როდი ვიკარებთ, მაგიერად მავნებელს კი გულში ვიხუტებთ. იგი ერთ-ერთ ასეთ შემაფერხებელ მიზეზად თვლიდა ქართულ უდისციპლინობას ან ყალბად გაგებულ დისციპლინას: “დისციპლინა, - წერდა იგი, - დიდი რამ არის ხალხის ცხოვრებაში. დიდი უბედურებაა ხალხისთვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უთავბოლოდ, უგზო-უკვლოდ იხარჯება. შრომისა და ძალის შეერთებით და ერთი მიზნისკენ მიმართვით ხალხი იმისთანა საქმეებს ახერხებს, რომელსაც ვერც ერთი კერძო პირი, რაგინდ გონიერი იყოს, მარტოხელა ვერ მოერეოდა, და ვერც ათასი ან ათი ათასი გენიოსი, ცალ-ცალკე მშრომელი, ვერ გაარიგებდა” .ნიკოლაძე აქვე განმარტავს, რომ შრომის შეერთება იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა მშრომელი მარტო ერთ მოთავეს უნდა შეაჩერდეს თვალში ან ბრმად ასრულებდეს მის ბრძანებას. “გონიერი შრომის შეერთება, რიგიანი დისციპლინა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ათასი კაცის ტვინი და გონება საქმეს ეხმარებოდეს, რომ რაც მათ ძალა ან მოხერხება აქვთ, სულ ერთიანად შრომაზე იყოს მიქცეული, რომ ამ ძალისაგან ან ამ მოხერხებისაგან არაფერი იკარგებოდეს... მაშინ საქმე კარგად წავა და ერთი მოთავის ბედზე როდიღა იქნება დამოკიდებული საქმის, ქვეყნის იღბალი. თუნდ მოკვდეს ეს მოთავე, თუნდ წახდეს, თუნდ შეცდეს, თუნდ ათას სხვა მოთავეს დაემართოს ამგვარივე უბედურება, მშრომელების საქმე მაინც ხეირიანად წარმართული იქნება.
საქართველოს ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი აღორძინების პროცესის ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზად ნიკო ნიკოლაძე სამართლიანად თვლიდა სხვისი მოიმედეობის და აზიური ინერტულობის, იოლი გამდიდრების განწყობილებას, რომელიც გამეფებული იყო მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში და გამეფებულია ახლაც – იმ ფორმით, იმედით, რომ აშშ-ი და ევროკავშირის ქვეყნები გვიშველიან და გააკეთებენ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, დაგვიცავენ სხვებისაგან, გაგვიხსნიან კრედიტებს და ბაზრებს, იოლად მიგვიღებენ ნატოსა და ევროკავშირში და ა.შ. სტატიაში “ჩვენი ნაკლოვანებანი”(1876 წ.) ნიკო ნიკოლაძე წერდა: “ჩვენს საზოგადოებაში ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთს მშვენიერ დილას ზეციდან ჩამოგვიფრინდება, ისე რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის” ნიკოლაძეს ასეთი მიდგომა დამღუპველაად მიაჩნია. საქართველოს და მსოფლიოს წარსული გამოცდილებაზე დაყრდნობით იგი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ “ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა თავისი საკუთარი შრომით და ჯანით’’.
ამ მკაცრი სიმართლის შემდეგ ნიკო ნიკოლაძე ქართველობას მიანიშნებს საკუთარი შრომით და რესურსებით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე და არა მხოლოდ უცხოელთა ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებაზე, რაც არასოდეს უანგაროდ არა ხდება და ასეა დღესაც: “დროა, თვალი გამოვახილოთ და დავრწმუნდეთ, რომ დამხმარებელი და გამკეთებელი ჩვენ ჩვენს თავზე უკეთესი არასოდეს გვეღირსება” [შესაბამისად ამისა, “ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისათვის ვიზრუნოთ, მისი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, და, მაშინ, თუ ვინმე მოინდომებს ჩვენ დახმარებას და ხელის მომართვას, ხომ უკეთესი, თუ არ მოინდომებს, ის ჩვენი ნაშრომი და შენაძენი ხომ ხელიდან მაინც არ წაგვივა, და ისევ ჩვენ დაგვრჩება” თუ ჩვენ ასე არ მოვიქცევით, “თუ ჩვენ დოყლაპიასავით პირდაღებული სხვის შემწეობას შევაჩერდებით, მაშინ, ბევრი რამეც რომ მოგვანიჭონ, ჩვენ იმით ვერ ვისარგებლებთ. მაშინ ამ მონიჭებულსაც ჩვენ სხვა ვინმე მეზობელი, ჩვენზე უფრო ჭკვიანი და მოხერხებული ხელიდან გამოგვტაცებს და თავისთვის მოიხმარს, იმიტომ, რომ ის ჩვენზე უფრო გამოცდილი და დახელოვნებული იქნება ყოველი სიკეთის და საუნჯის შეძენაში და განსაკუთრებით გამოყენებაში”.ჩვენი ქართული საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკლოვანებად ნიკოლაძე თვლიდა კარიერიზმსა და უპრინციპობას, აქეთ-იქით სირბილს სხვადასხვა პარტიებში, უიდეობას, სულგაყიდულობას და სულიერ სიღატაკეს. ასეთი ადამიანებისთვის სულერთია, თუ რომელ დროშას ააფრიალებენ, ისინი ყველგან არიან და ასპარეზიდან არასდროს გადიან: “დროშას – მწერლობის იყოს, გინდა სხვაგვარი მოქმედებისა – მარტო ის პირები ასწევენ მაღლა და მაგრად გააჩერებენ მაღლა, ვინც შეჩვეულნი არიან ერთსა და იმავე დროშის ქვეშ დგომას. დროშას ხელში ვერ შეიკავებს, ვერც მაღლა და ვერც დაბლა, ის პირი, ვინც დღეს ლიბერალობს და ხვალ ლიბერალობას ჯამაგირში ცვლის და მაზეგ ისევ ლიბერალობას უბრუნდება, როცა ჰხედავს, რომ ლიბერალობა ჯამაგირს ერთი-ორად უმატებს”.
ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ ცხოვრების სიმახინჯეებს და ამიტომ ისინი აღარც მრისხანებას აღვივებენ ჩვენში და აღარც მწუხარებას... თითის განძრევაც კი აღარ გვსურს საერთო კეთილდღეობისათვის, არამცთუ რაიმე სერიოზულის მსხვერპლად გაღება”.
ნიკო ნიკოლაძე საქართველოს ეროვნულ უბედურებად და მისი განვითარების შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად თვლიდა პროფესიონალებისა და პროფესიონალიზმის დეფიციტს საქართველოში, უნიჭო კარიერისტების და ვიგინდარების თარეშს ყველა სფეროში: “განა კარგია, - წერდა ის, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, საითაც არ გაიხედავ, სადაც უნდა ეჩქეფა “ნამდვილ საქმეს”, სწორედ ეს “ნამდვილი საქმე” ვიღაც ვიგინდარას უპყრია ხელთ, ხოლო პატიოსანი, ძლიერი, მცოდნე, უანგარო და მართალი ადამიანები იღუპებიან გარკვეული საქმის უქონლობის გამო”...
ნიკო ნიკოლაძე ქართული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ შემფერხებლად თვლიდა დილეტანტიზმს და დილეტანტთა პარპაშს, მოჩვენებით მრავალმხრივობას, ყველგან ცხვირის ჩაყოფას და სადღაც იოლად გაძვრომას ნებისმიერი ხერხით: “ჩვენ არაერთხელ მიგვითითებია ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების აღმაშფოთებელ ბოროტებაზე – წერდა იგი, - ყოველი ჩვენგანი გამალებული ისწრაფვის მოკალათდეს რაიმე თანამდებობაზე და არავის ადარდებს, მზადაა თუ არა ამ საქმისთვის, შეუძლია თუ არა მისი შესრულება, აქვს თუ არა ნიჭი და ღონე მის გასაძღოლად? “არის ვაკანსია? – რატომ არ უნდა დაიკავოს?” – აი, ჩვენი საყოველთაო დევიზი.
აქვე შევნიშნავთ, რომ ნიკო ნიკოლაძე პირველი მოღვაწეა, რომელმაც ქართველი ქალები ევროპულ განათლებას აზიარა. ალბათ, პირველი ქართველი მამაკაცი, რომელსაც ქალიც ისეთსავე ადამიანად მიაჩნია, როგორადაც მამაკაცი და ამიტომაც ყველა ფასად თვლის საჭიროდ ქალებმაც მიიღონ ის, რისი მიღების საშუალება მამაკაცების პრეროგატივაა. მან 70–იანების დასაწყისში მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის საუკეთესო მოსწავლეები დიდი თავგამოდების ფასად გააგზავნა შვეიცარიაში სასწავლებლად.
ნიკო ნიკოლაძეს “დროსგასწრებულ მამულიშვილს“ და XXI საუკუნის ადამიანს უწოდებენ ერთდროულად ეროვნულ-პატრიოტულ და ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე გლობალური აზროვნების, უტყუარი ლოგიკის, ღრმა და მრავალმხრივი, უკომპრომისო პუბლიცისტური ნაშრომებისა და მიზანსწრაფულობის გამო, რაც აისახა მის მასშტაბურ, საუკუნის პროექტებში, მის შესახებ თანამედროვენი წერდნენ: “ნიკო ნიკოლაძე სულით და გულით ევროპელია, ევროპაში ნასწავლი, ევროპის იდეებით გამსჭვალული, ინიციატივიანი კაცი, პრაქტიკი და საქმიანი… იგი რეალისტია, ცხოვრების მცოდნე, მის ქარ-ტეხილში ჩავარდნილი. იგი იქცევა ისე, როგორც უკარნახებს მას ცხოვრების სასტიკი სინამდვილე.”
მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დევიზი კი “დიდმა ნიკომ” ასე გამოხატა: “მხოლოდ ის, ვისაც თავისი საზოგადოება მიჰყავს წინ სიკეთისა და პროგრესის გზით, დემოკრატიული იდეალების გამარჯვებისაკენ, იპოვის ადგილს თავის თანამემამულეთა გულსა ხსოვნაში.”
“დროსგასწრებულ მამულიშვილი“
IX კლასის მოსწავლეები:
მარიამ ანთაძე
მარიამ ჩაჩავა