Published using Google Docs
ანალიტიკური ესეი ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში
Updated automatically every 5 minutes

ანალიტიკური ესეი ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში

ლაშა ჩახვაძე, 2015

chakhvadzelasha@yahoo.com

ყოველკვირეულად,პარასკევს 3 საათზე იმართება კონსულტაცია ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში,სადაც ასევე შეგიძლიათ მომმართოთ ანალიტიკურ ესეისთან დაკავშირებით.

შემოდგომის სემესტრში ანალიტიკური ესეი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული სახით 2015 წლის 21 დეკემბრამდე.

განმარტება

ანალიტიკური ესეი წარმოადგენს მცირე ზომის ნაშრომს,რომელშიც სტუდენტი დასაბუთებულად მსჯელობს მოცემული საკითხის შესახებ (იხილე ინგლისურენოვანი მაგალითი; ასევე ქართულენოვანი სადიპლომო ნაშრომი,რომელიც გარკვეულწილად ჰგავს ანალიტიკურ ესეის,თუმცა უფრო დიდი მოცულობისაა და უფრო რთული)

სტრუქტურა

ანალიტიკური ესეი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: შესავალი,ძირითადი ტექსტი და დასკვნითი ნაწილი.მას თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია,რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ სამ კრიტიკულ წყაროს (სტატია ანდა წიგნი).

შესავალში მოკლედ უნდა იყოს მიმოხილული:

1.საკითხის აქტუალობა (მაგალითად, რომ კრიტიკულ ლიტერატურაში მას ჯერ არავინ შეხებია;საკითხის სირთულე,რაც დამატებით კვლევას მოითხოვს და სხვ.). აქ მოკლედ უნდა ითქვას თუ რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი;

2.კვლევის მიზანი.საბოლოოდ რა შედეგს გსურთ მიაღწიოთ ამ განხილვით;

3.კვლევის მეთოდები (კვლევის მეთოდებთან დაკავშირებით, იხილეთ ჩემი სხვა მიმოხილვა. კვლევის მეთოდს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაშრომის შექმნისას).

ძირითადი ტექსტი

1.ძირითადი ტექსტი შეიძლება დაიყოს რამდენიმე პარაგრაფად ან რამდენიმე ქვეპარაგრაფად,რათა ურთიერთდაკავშირებული,მაგრამ განსხვავებული საკითხების გამოყოფა მოხდეს;

2.ძირითად ტექსტში მსჯელობა უნდა შეესატყვისებოდეს იმ მიზნებსა და მეთოდოლოგიას,რაც შესავალშია მოცემული. მაგალითად,თუ კვლევის მიზანია ბაირონის მიმართების დადგენა საფრანგეთის რევოლუციასთან და კვლევის მეთოდი ანალიზია,მაშინ ძირითად ტექსტში ბაირონის შემოქმედების მხოლოდ ის მონაკვეთები უნდა იყოს განხილული,რაც საფრანგეთის რევოლუციისადმი მის დამოკიდებულებას აჩვენებს,ხოლოდ კვლევის მეთოდი ანალიზი უნდა იყოს.

3.ძირითად ტექსტში ყველა პარაგრაფი თუ ქვეპარაგრაფი ერთმანეთთან მჭიდრო ურთერთკავშირშია.ისინი ერთი საკითხის ირგვლივ უნდა ტრიალებდნენ სხვადასხვა კუთხით.

4.პარაგრაფები უნდა დაიწყოს ზოგადი მოსაზრებით,რომელსაც მოჰყვება კონკრეტული მაგალითები.მაგალითად,"ბაირონის შემოქმედებაში ამბოხის საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია.კერძოდ, "კაენში" მთავარი გმირი ჯანყდება ღვთის მიერ უსამართლოდ მოწყობილი სამყაროს წინააღმდეგ".კონკრეტულ მაგალითებს მოჰყვება ციტატები ტექსტიდან და მსჯელობა.მსჯელობისას უნდა დასაბუთდეს,რომ წამოყენებული მოსაზრება (დასამტკიცებელი აზრი ანუ თეზისი)მართებულია.თუ თეზისსა და მაგალითებს შორის კავშირი არ ჩანს ან სუსტია,მაშინ თეზისი დაუსაბუთებელი რჩება.

5.ქვეპარაგრაფების მაგალითებია,"კაენის მიერ სამყაროს არსებული მოწყობის კრიტიკა","აბელის მკვლელობა","კაენის,როგორც მარტოსულის გზა". ეს სამივე ქვეპარაგრაფი ერთი თეზისის "კაენის ამბოხის" სხვადასხვა კუთხით დანახვის მცდელობაა. ქვეპარაგრაფები თავად შეიძლება ასევე მოიცავდნენ პარაგრაფებს.

6.ძირითად ტექსტში მოცემული მსჯელობა მოიცავს არა მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს და მათ დასასაბუთებლად მოტანილ კონკრეტულ მაგალითებს,ასევე შესატყვის მსჯელობას,არამედ სხვათა აზრების მიმოხილვასაც. სხვების აზრების მიმოხილვა საშუალებას იძლევა,საკითხის დანახვა უფრო ფართოდ მოხდეს და საკითხის ირგვლივ არსებული მოსაზრებების სისწორე-მცდარობის საკითხი გაირკვევს.შესაძლოა სხვათა აზრს ესეის შემსრულებელი დაეთანხმოს ან დასაბუთებულად უარყოს ის ტექსტიდან ამოღებული კონკრეტული მაგალითებით.ამ შემთხვევაში,ესეის შემსრულებელი აჩვენებს,რომ კრიტიკულ წყაროში გამოთქმული მოსაზრება არ დასტურდება კონკრეტული ტექსტით.

ყოველი პარაგრაფი ან ქვეპარაგრაფი უნდა დასრულდეს მცირე დასკვნით (ორი ან სამი წინადადებით),რომელშიც ამ პარაგრაფში ან ქვეპარაგრაფში მოცემული მსჯელობა შეჯამდება.

იმისათვის რომ ყოველი მომდევნო პარაგრაფი დაუკავშირდეს წინას,შესაძლოა ვახსენოთ წინა მსჯელობა ან დასკვნა,მაგალითად, "როგორც წინა პარაგრაფიდან გამოჩნდა"... ან შესაძლოა სხვა ნებისმიერი ელემენტი გამოიყენოთ წინა პარაგრაფიდან რათა მომდევნო პარაგრაფის კავშირი წინა პარაგრაფთან ნაჩვენები იყოს.

ზემოთ ხსენებული წესი აბსოლუტური არ არის.შესაძლოა,არც დააკავშიროთ ყველა პარაგრაფი წინა პარაგრაფთან და ასეც რომ იყოს,მაშინ მსჯელობა ძალიან ფორმალური და მოსაწყენი გამოვიდოდა.თუმცა,ზოგჯერ იმისათვის რომ მთლიანობისა და ერთიანი სტრუქტურის არსებობის განცდა შეიქმნას,ამგვარი მითითებები აუცილებელია.

ესეის ტექსტი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ერთიანი შენობა,რომლის ყველა ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებულია.

კრიტიკული წყაროები

კრიტიკული წყაროების მიმოხილვა მოიცავს ძირითადი დებულებების გადმოცემას და არა მთლიანი წყაროს გადმოტანას.ძირითადი დებულება შეიძლება გადმოვიტანოთ ამ ძირითადი დებულების გამომხატველი მოკლე ან საშუალო ზომის ციტატის მეშვეობით.მაგალითად, "ბაირონის კაენი მეცხრამეტე საუკუნის ანტირელიგიური დისკურსის ნაწილია,რაც კაენის მიერ ღვთის მიერ შემოთავაზებული წესრიგის უარყოფით გამოიხატება"  (სმიტი 2005:15).

ამ შემთხვევაში ციტატა ბრჭყალებში უნდა მოთავსდეს (ქვემოთ და ზემოთ მიმართული ბრჭყალების მეშვეობით), ხოლო ციტატის ბოლოს ფრჩხილებში იწერება კრიტიკოსის გვარი,წიგნის ან სტატიის გამოცემის წელი და ის გვერდი, საიდანაც ციტატის ამოღება მოხდა).თუ გამოყენებულია ინტერნეტგვერდი,სადაც გვერდები არაა მითითებული,მაშინ შეიძლება ფრჩხილებში მხოლოდ ავტორი და წელი მივუთითოთ.

კრიტიკოსის აზრი ასევე შეიძლება გადმოიცეს პერიფრაზის მეშვეობით,რაც ბრჭყალების გარეშე კრიტიკოსის დებულების საკუთარი სიტყვებით გადმოცემას გულისხმობს.პერიფრაზი ახლოს უნდა იყოს ორიგინალთან და არ უნდა ამახინჯებდეს მას. მითითება ისეთივე წესით ხორციელდება, როგორც ციტატის შემთხვევაში: (სმიტი 2005:17).

ზემოთქმული ციტირებისა და პერიფრაზის შესახებ ეხება არა მხოლოდ კრიტიკოსების შეხედულებებს,არამედ საკვლევ ტექსტებსაც.როცა ტექსტიდან ციტატის ამოღება ხდება,მას უნდა მიეთითოს ავტორი,გამოცემის წელი და ციტატის ამოღების გვერდი (ბაირონი 1965:15).

ფრხილებში ავტორის გვარი ყოველთვის ქართულად უნდა იყოს მითითებული.

უცხოენოვანი ციტატის შემთხვევაში, ციტატა უნდა ითარგმნოს.

პლაგიატი

პლაგიატი წარმოადგენს სხვათა აზრების გამოყენებას მათი ავტორების მითითების გარეშე.ესეი,სადაც შემჩნეული იქნება პლაგიატი,არ გასწორდება.პლაგიატი ინტელექტუალური ქურდობაა, როცა პირი სხვის ინტელექტუალურ ნამუშევარს ითვისებს.

ენა

ენა. მსჯელობისას სჯობს გამოიყენოთ მოკლე და ნათელი წინადადები.არ გადატვირთოთ ტექსტით გრძელი წინადადებებით.აზრი მოკლედ და სხარტად გამოთქვით.დადებითად ფასდება არა სიტყვებით ან ფრაზებით ჟონგლიორობა,არამედ ნათელი სტილი და გასაგებობა.ეს უფრო მეტ შრომას მოითხოვს აზროვნებისა და სტილის თვალსაზრისით.ანალიტიკური ესეის სტილი ფორმალურია და უნდა შეესატყვისებოდეს ლიტერატურული ქართულის ნორმებს.

დასკვნითი ნაწილი

დასკვნითი ნაწილი დაახლოებით ერთ გვერდზე უნდა დაიწეროს.ის შეიძლება ერთი ან რამდენიმე პარაგრაფის სახით იყოს მოცემული.დასკვნით ნაწილი უნდა დასათაურდეს მსხვილი,გამუქებული შრიფტით.

დასკვნით ნაწილში ხდება ჩატარებული კვლევის შედეგების შეჯამება. ანუ ის,რაც ცალ-ცალკე ითქვა პარაგრაფებში ან ქვეპარაგრაფებში,მოხდება მათი მოკლედ შეჯამება.

გამოყენებული ლიტერატურის სია

გამოყენებული ლიტერატურის სია უნდა განთავსდეს აშრომის ბოლოს, ცალკე გვერდზე.ის წიგნის შემთხვევაში ის მოიცავს ინფორმაციას ავტორის (ავტორების), გამოცემის სათაურის,გამოცემის ადგილისა, გამომცემლობის და გამოცემის წლის შესახებ.

მაგალითად,

აბაშიძე 1970                აბაშიძე, კ. ეტიუდები XIX ს.-ის ქართული ლიტერატურის შესახებ.   თბილისი:                         გამომცემლობა "მერანი", 1970.    

ვაისი   1962           Weiss, Daniel A. Oedipus in Nottingham: D.H. Lawrence. Seattle:   University   of   Washington Press,1962.

შენიშვნა ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში, მარცხნივ, ავტორის დასახელებისას იწერება მიმდევრობით პირველი ავტორი:

ნათაძე... 1994     ნათაძე კ., პეტრიაშვილი ვ., ნაკაშიძე ბ. ქართულრუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან. ქუთაისი: გამომცემლობა "განთიადი",1994.

სტატიის შემთხვევაში:

ალექსიძე 1992             ალექსიძე ზ. `"ქართველ ებრაელთა" საღმრთო მისია აქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვალთახედვით. ჟ. ივერია. ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ჟურნალი, 1, 1992.

მიტჩელი 1995    მიტჩელი, უილიამ ჯ. ბიტების ქალაქი: სივრცე,დგილი და საინფორმაციო ნაკადი [ონ-ლაინ წიგნი]კემბრიჯი: გამომც.: MIT Press, 1995, განთავსებულია 29 სექტემბრიდან

1995);მის.:http://www-mitpress.mit.edu:80/City_of_Bits/Pulling_Glass/index.html;Internet.

                                     

უფრო დაწვრილებით იხილეთ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ციტირების სტილი

ანალიტიკური ესეის მოდელი

ანალიტიკური ესეის ორი ძირითადი მოდელი არსებობს:

პირველი მოდელი

1. შესავალი

2. კრიტიკის მიმოხილვა

3. საკუთარი აზრის წამოყენება

4. დასკვნა

მეორე მოდელი

1. შესავალი

2. საკუთარი აზრის წამოყენება

3. კრიტიკის მიმოხილვა

4. დასკვნა

თქვენ თავისუფალი ხართ აირჩიოთ ის მოდელი,რომელიც უფრო მისაღებია თქვენთვის.

პრაქტიკული რჩევები

მუშაობის გეგმა

1.წინასწარ ჩამოწერეთ დაახლოებით რა წარმოდგენა გაქვთ საკვლევ საკითხზე;

2.მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა, ციტატების ამოწერა, შენიშვნების, მოსაზრებების მიწერა ციტატებისთვის, შესაბამისი თავების, მონაკვეთების მონიშვნა–გადაკითხვა;

3.არა მხოლოდ კონკრეტული ტექსტის, არამედ ამ ტექსტთან დაკავშირებული სხვა მხატვრული ტექსტების წაკითხვა, რომ ურთიერთშედარება შესაძლებელი იყოს. ეს შეიძლება ერთი ავტორის სხვა წიგნია ან/და სხვა ავტორის საკითხთან დაკავშირებული ტექსტი;

4.სამეცნიერო ლიტერატურის წაკითხვა, ციტატების ამოწერა, შენიშვნების, მოსაზრებების მიწერა ციტატებისთვის;

მუშაობის დაწყება

1) მუშაობას იწყებთ მხატვრული ტექსტის გაცნობით, შესაბამისი სამუშაოს ჩატარებით თეზისთან (თქვენი ნაშრომის დასამტკიცებელი აზრი) დაკავშირებით (უკვე ამოღებულ ციტატებს გადაარჩევთ, შენიშვნებს ჩამოწერთ, მოსაზრებებს გამოთქვამთ, შედარებებს მოახდენთ და სხვ.). ეს ზოგადი, მთლიანობაში კითხვაა. ამ შემთვევაში, ხდება ზოგადი შთაბეჭდილების მიღება;

2) აიღეთ კონკრეტული მონაკვეთები ტექსტიდან, რაც ამ თქვენს საკვლევ საკითხს უკავშირდება, გამოჰყავით ისინი, დაარქვით მათ ქვეთემები. ესენი მცირე ბლოკებია, რომელზეც აშენდება ნაშრომი (შეგიძლიათ ვიზუალურადაც გამოხატოთ);

3) დაამუშავეთ ეს კონკრეტული მონაკვეთები: შეურჩიეთ შესაბამისი ციტატები,მსჯელობა,დასკვნა.

4) დაამუშავეთ კრიტიკული ლიტერატურა.

ლიტერატურული ტექსტის დამუშავებისას გამოსადეგი კითხვები

გაფორმება

გვერდების ოდენობა:

ინგლისური ლიტერატურის ისტორია 1 მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 გვერდი

ინგლისური ლიტერატურის ისტორია 2 მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 7 გვერდი

ინგლისური ლიტერატურის ისტორია 3 მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 9 გვერდი

ინგლისური ლიტერატურის ისტორია 4 მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 11 გვერდი

გამოყენებული ლიტერატურა შეიძლება განთავსდეს ცალკე გვერდზე და ჩაითვალის დამოუკიდებელ გვერდად,თუ ნაშრომის გვერდების ოდენობა მინიმუმს აჭარბებს.მაგალითად,თუ ინგლისური ლიტერატურის ისტორია 3-ში (მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 9 გვერდი) შესრულებულია მინიმუმი (7 გვერდი),შესაძლებელია მერვე გვერდზე განთავსდეს გამოყენებული ლიტერატურა.

ანალიტიკური ესეის ტექსტის პარამეტრები

1.  ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე

2.  შრიფტის სახე - Sylfaen

3.  ტექსტის შრიფტის ზომა - 12

4.  თავების/პარაგრაფების შრიფტის ზომა - 16/14

5.  სქოლიოს შრიფტის ზომა  -10

6.  სტრიქონებს შორის მანძილი -1,5 ინტერვალი;

7.  ფურცლის  გვერდზე  ტექსტის  მინდორი:  მარცხნიდან  -3  სმ,  მარჯვნიდან  -1სმ,  ზემოდან  -2.5

სმ, ქვემოდან 2.5ს;

ფასდება მხოლოდ წერითი ნამუშევარი,თუმცა სტუდენტი ვალდებულია სემესტრის ბოლოს 7-8 წუთის განმავლობაში ზეპირად წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი პროფესორისა და ჯგუფის წინაშე.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.wwnorton.com/college/english/write/fieldguide/model_essays.asp

http://www.bucks.edu/media/bcccmedialibrary/pdf/HOWTOWRITEALITERARYANALYSISESSAY_10.15.07_001.pdf

http://www.udc.edu/docs/asc/Outline_Structure_for_Literary_Analysis_Essay_HATMAT.pdf

http://www.newton.k12.in.us/hs/english/vanduyn/eng11-12ap/A%20Guide%20to%20Writing%20the%20Literary%20Analysis%20Essay.pdf

http://depts.gpc.edu/~gpcltc/handouts/communications/literarythesis.pdf