Published using Google Docs
ანგარიში–საბ.მეცნ.საფ
Updated automatically every 5 minutes

ანგარიში

ტრენინგი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები.

ტრენერი – რუსუდან ახვლედიანი.

ჩატარების ადგილი: თბილისის მასწავლებლის სახლი.

ჩატარების დრო: 20. 21, 22, 23 სექტემბერი, 2013 წელი.

მსმენელი: ნანა გიგოლაშვილი. 94–ე საჯარო სკოლა, ქიმიის მასწავლებელი

სთ. რაოდენობა: 18 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათი.

ისევე როგორც ყველა ტრენინგი, ეს ტრენინგიც იყო ძალიან საინტერესო.

I დღეს განვიხილეთ, თუ რით არის განსაკუთრებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების კურსი, რომელი მეცნიერების დარგებს მოიცავს იგი, რა არის სიახლე და არის თუ არა სირთულეები ამ სიახლესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე: რატომ ვასწავლით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს? მოსწავლე ეცნობა ტექნოლოგიურ–ინტელექტუალურ მიღწევებს და ეუფლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს, უყალიბდება ექსპერიმენტის დაგეგმვის, ჩატარების, მონაცემთა შეგროვება–დამუშავების, კრიტიკული ანალიზის, დასკვნების გამოტანის და ა.შ უამრავი  მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც უნდა ჰქონდეს თანამედროვე– 21–ე საუკუნის ადამიანს.

გავიხსენეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების მიმართულებები. ესენია: ცოცხალი სამყარო, ფიზიკური და ქიმიური მოვლენები, მეცნიერული კვლევა–ძიება. თითოეული მათგანი შესაბამისად მოიცვს ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის საფუძვლებს და კვლევის უნარ–ჩვევებს.

განვიხილეთ ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდები: დაკვირვება, ცდა/ექსპერიმენტი, ექსკურსია/ექსპედიცია, სასწავლო თამაშები, ილუსტრაციაზე მუშაობა და ასე შემდეგ. გავიხსენეთ რა უნარ–ჩვევების განვითარებას ემსახურება თითოეული ამ მეთოდის გამოყენება.

სასწავლო გარემო და რესურსები ისე უნდა იყოს მოწყობილი  და შერჩეული, რომ ხელს უწყობდეს მოსწავლეთა დამოუკიდებელ და შემოქმედებით მუშაობას,  საგნისადმი ინტერესის გაღვივებას. შერჩეული მეთოდებით მოსწავლეებს უნდა აღვუძრათ ინტერესი, კვლევა–ძიების და საგნის სწავლის სურვილი, რადგან ის მჭიდრო კავშირშია ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

II დღეს განვიხილეთ საკითხები ფიზიკის კურსიდან. ესენია: ფიზიკური სიდიდეები, Si სისტემის ძირითადი ერთეულები, მონაცემთა აღრიცხვის ფორმები, ნივთიერების ატომურ– მოლეკულური სტრუქტურა, დიფუზია, მასა, სიმკვრივე, სხეულთა ურთიერთქმედება, ძალა, წნევა, არქიმედეს კანონი. დიდი ყურადღება დავუთმეთ  კურსში შეტანილი ამოცანების ამოხსნას.

III დღეს განვიხილეთ ქიმიის საკითხები,    IV დღეს კი ბიოლოგიის. განვიხილეთ უამრავი საინტერესო საკითხი, განსაკუთრებით საინტერესო იყო პრეპარატის მომზადება და შემდეგ,  მასზე მიკროსკოპით დაკვირვება.