Published using Google Docs
მოსწავლის ნიმუში 1
Updated automatically every 5 minutes

                        არტურის ლეგენდა-მითი თუ რეალობა?

მსოფლიოს ისტორიაში არის მოვლენები, რომელთა არსებობის შესახებ მკრთალი და არასაიმედო ცნობები გვაქვს, რადგანაც ისინი ლეგენდარულ საბურველშია გახვეული, თუმცა სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ისტორიკოსებსა და მკვლევარებში ღრმა ინტერესს. ასეთი ფაქტის გამოკვლევა ბევრს სურს, ბევრს უნდა, რომ ლეგენდა რეალობად აქციოს, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა, განსაკუთრებით, როდესაც დოკუმენტური და არქეოლოგიური მასალები მცირეა. სად არის რეალობა? სად არის პასუხი კითხვებზე? ძველისძველ ლეგენდებსა და ზღაპრებში? ბარდებისა და პოეტების პოემებში? შესაძლოა მასში სიმართლეც იყოს, მაგრამ სიმართლეს დამტკიცება სჭირდება, ხოლო დამამტკიცებელი მასალა რომ თითქმის არ არსებობს? მაგალითად ავიღოთ ეს თემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ბრძოლა ბადონის მთასთან. ეს ადგილი დაუდგენელია და მეცნიერებმა არც იციან ზუსტად სად მოხდა ეს ლეგენდარული შეტაკება(არსებობს განსხვავებული ვარაუდები), სადაც ძველინგლისური გადმოცემების მიხედვით მეფე არტურმა შეაჩერა ანგლო-საქსების შემოსევა ბრიტანეთის უძველეს მიწაზე. მიუხედავად ამისა, უამრავი სამუშაოს ჩატარების შედეგად მაინც არსებობს მონახაზი, რეკონსტრუქცია, რომელიც მიღებულია ზოგადად ისტორიულ მეცნიერებაში. იმედია ეს თემა კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება და მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ ლეგენდარულ ბრძოლაზე.    

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან არტურის კვლევა მეტად პოპულარული გახდა ევროპის მეცნიერთა შორის და ამას მოჰყვა 1973 წელს ჯონ მორისის წიგნის – არტურის ხანის – გამოცემა, რომელიც ისტორიკოსებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და თითქოს ამის საპასუხოდ დევიდ დუმვილმა 1990 წელს დაწერა – “არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, რომ არტური რეალურ პიროვნებად ჩავთვალოთ, აუცილებელია მისი მოცილება ჩვენი ისტორიიდან და ჩვენი წიგნების სათაურებიდან”. ბოლო ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი ამ სფეროში იყო ნიკ ჰიგჰემის – არტური: მითი და ისტორია  და კრის გიდლოუს – არტურის ზეობა – ისტორიიდან ლეგენდამდე. პირველი მათგანი თითქოს დუმვილის განჩინებას ემორჩილება და მის გავლენას განიცდის, მიუხედავად ამისა ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი ამ თემაზე. მეორე წიგნზე კი განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და ითვლება, რომ ეს არ არის ღრმად მეცნიერული კვლევა და უფრო ისტორიული არტურისკენ იხრება. იგი არ უშვებს შეცდომებს ჯონ მორისისა და სხვების მსგავსად, რომლებიც გვიანდელ(11 საუკუნის და უფრო გვიანი) წყაროებს ეყრდნობიან, უელსელ წმინდანთა ცხოვრებას, პოემებს და სხვა ნაწარმოებებს, რომლებიც V-VI საუკუნის ისტორიას ეხება. გიდლოუ კი კრიტიკულად აანალიზებს ადრეულ ბრიტანულ წყაროებს, განსაკუთრებით გილდასს(De Excidio et Conquestu Britanniae), ნენიუსს(Historia Brittonum), ანონიმური ავტორის Annales Cambriae-Y Gododdin-(შოტლანდიური პოემა რომელიც ნეირინს მიწერება). სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გიდლოუ ემხრობა ისტორიული არტურის საკითხს, ისევე როგორც თანამედროვე მკვლევართა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა