Published using Google Docs
gonisdzieba 2013.docx
Updated automatically every 5 minutes

ანა-ბანა, ანა-ბანა

ანა-ბანა, ანა-ბანა,
სიხარულმა ამიტანა, -
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
სადღა აღარ წამიყვანა.

მთაში ჩანჩქერები ვნახე,
ბარში ია-ვარდის ყანა -
ეს პატარა საქართველო
რა ყოფილა ამისთანა!
სამშობლოს სიყვარული

ბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში
როგორ ეტევით ნეტა,
მამიკო, ბაბუ, შენა და
ჩემი ლამაზი დედა,

ქეთი, მანანა, პაატა,
ნანული, სოფო, გელა,
პატარა ლელაც რომ გაჩნდა,
გულში ჩავისვი ხელად.

მასწავლებლებიც, ბებიკო,
განა ერთი და ორი,
ჩემი კლასელი ბავშვებიც,
ყველა გულში მყავს, მგონი.

ზღვაც გულით დამაქვს, ლურჯი ცაც,
მზეც, ჩახჩახა და თბილი,
გულით ვატარებ, ბებიკო,
ჩვენს სოფელსა და თბილისს,

ბები, მითხარი, გჯერა თუ
არ გჯერა ჩემგან თქმული,
მეჩვენება თუ ქვეყანას
მართლა ვარატებ გულით?

ბებიკომ გულში ჩამიკრა,
მთელი სულით და გულით,
მითხრა: - ეგ არის, რაც არის,
სამშობლოს სიყვარული.

საქართველოს დავხატავ

კერვა უნდა ვისწავლო
ამ პატარა თითებით,
დედას კაბას შევუკერავ,
როცა დიდი ვიქნები.
ქსოვა უნდა ვისწავლო
ამ პატარა თითებით,
ბებოს წინდას მოვუქსოვ,
როცა დიდი ვიქნები.
ხატვა უნდა ვისწავლო
ამ პატარა თითებით,
საქართველოს დავხატავ,
როცა დიდი ვიქნები.

საქართველოა ლამაზი

მთა მთაზე როა მაღალი,
თავზე თოვლგადანაყარი,
მთებზე რომ მუდამ გაშლილა
თეთრი ღრუბლების ფაფარი,
მდინარეების ნანაში
გარინდებული მთა-ბარი,
სიცოცხლე ჩვენი გულისა,
ჩვენი ოცნების ლამპარი -
საქართველოა ლამაზი,
სხვა საქართველო სად არი!“

საქართველო მომიქარგე

მზეო,
მზეო, თვალხატულავ,
იხარე და იბრიალე,
სარკესავით ნათელ ცაზე
დროშასავით იფრიალე.
დამიშაქრე ოჯალეში,
დამიშაქრე ციცქა, თითა...
საქართველო მომიქარგე
სითბოთი და სინათლითა.

დედის დარიგება

გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,
შრომა და გარჯა ნუ დაგზარდება!
მუდამ გახსოვდეს, რომ შენი ცოდნა
შენსა ქვეყანას გამოადგება.

იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა,
დიდი განძია სწავლის შეძენა,
მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად
გულით გიყვარდეს სამშობლო ენა!

მერწმუნე, შვილო, გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია.

ჯერ გაკვეთილს მოვრჩები

ახლოს არ მომეკარო,
არ მოხვიდე, ციცია,
ვსწავლობ, ვერ ვითამაშებ,
დედა დამიფიცია.

მზეო, ნუ შემომიჩნდი,
ასე რად იჭყიტები,
სანამ არ მოვიცლიდე,
ათამაშე ჩიტები.

ბურთო, რატომ ხტუნაობ,
ხედავ, არც კი გიყურებ,
ჯერ გაკვეთილს მოვრჩები,
მერე ზურგს გაგიხურებ.

ციგურები

სასრიალოდ წავედი,
ციგურები მოვირგე,
რაც ვარჯიშზე დავდივარ,
არ გასულა ორი დღეც,
ტყუილს როგორ ვიკადრებ,
უნდა გითხრათ მართალი:
დამიცურდა ფეხი და
მოვადინე ზღართანი.
მთავარია, რომ გქონდეს
სურვილი და მიზანი,
თორემ, თუ არ დაეცი,
სრიალს როგორ ისწავლი?

ბაქია

- კარგად იცი ანგარიში,
ჩემო ზურიკელა?
-
როგორ არა, მთელ ჩვენს კლასში
მე ვჯობივარ ყველას.
-
ვთქვათ, გაქავს ხუთი ფორთოხალი,
დაგიმატეს სამი,
აბა მითხარ რამდენია
ამ რიცხვების ჯამი?
ჩვენ ვაშლებზე ვანგარიშობთ,
გერასიმე ძია.
ფორთოხლებზე ანგარიში 
ჯერ არ გვისწავლია.

ცუღლუტობა

მასწავლებელმა რვეული 
რომ შეუსწორა ვასოს,
სიტყვა ჩაუკრა:
-
თითქოსდა,
შენი ძმის ნაწერს ჰგავსო.
ბიჭმა მიუგო:
-
ადვილი
შესაძლებელი არი,
რადგანაც ეს დავალება
დავწერე მისი კალმით.

ფანქარი

ამ დილას უფროს ძამიკოს
ეხვეწებოდა ბაქარი:
-
თუ ჩემი ძმა ხარ, ზალიკო,
მათხოვე შენი ფანქარი!
-
მერედა რატომ გათხოვო,
შენს ფანქარს ვითომ რა უშავს?
-
რამდენი სიტყვაც დავწერე,
სულ შეცდომები დაუშვა.

პატარა მათემატიკოსი

ანგარიშობ მთელი დღე, 
სულ ციფრები, ციფრები,
პასუხს ეძებ? ნუ დარდობ,
დაიხმარე ჩხირები, 
ვაშლები და კაკლები, 
ზოგჯერ კიდევ თითები.
თუ ჭკუასაც დაიხმარ, 
პასუხს უცბად მიხვდები.
სიზარმაცე თუ არ გძლევს,
კარგი ბიჭი იქნები!

დაირეკა სკოლის ზარი

დარი დარი, დარი დარი
შემოვაღე სკოლის კარი,
შემოვუსხდით მერხებს ყველა,
აწკრიალდა ცოდნის ზარი,
მერხზე დამხვდა დედაენა,
ყველასათვის საფიცარი,
აი ია, აი თათი,
აი ჩემი საკითხავი,
მიყვარს წიგნი, სწავლა, სკოლა,
მასზე კარგი არა არის,
მშობლიური ანაბანი,
არის მართლაც საოცარი,
დარი დარი, დარი დარი,
დაირეკა სკოლის ზარი,
კართან დედა მელოდება,
ამაყი და მომღიმარი!

საოცრება

იგვიანებ ყოველთვის,
ასე როგორ იქნება!
ბიჭო, განა არ იცი,
სწავლა როდის იწყება?
არა, მასწავლებელო!
საოცრება ხდება,
როდესაც კი მოვდივარ,
დაწყებული მხვდება.


გიყვარდეს წიგნი

გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი,
ცოდნის სარკე და ბუნების კარი,
მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!

გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,
ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!

გსურს ასახელო მშობელი მხარე,
მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!
გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით
რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი
ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!

პატარა მხატვარი

კოტე ვეფხვსა ხატავს,
ნახატი ჰგავს კატას;
სოკოს ძერწავს გოგა,
ნაძერწი ჰგავს ქოლგას.
მზია დიდ მზეს ქარგავს,
მაგრამ მზეს სულ არ ჰგავს.
-
ნუ იდარდებ, კარგო,
ხატონ,
ძერწონ,
ქარგონ...
მაგათ ნამდვილ ნახატს
წლების შემდეგ ვნახავთ.

საახალწლო

ახალი წელი ნიკაა,
თოვლის ბაბუა - ანდრია,
ფიფქია - ციცქნა თამუნა
იღვიძებს დილაადრიან.

-
ჩქარა ჩაიცვით, ბიჭებო,
ზეიმზე გვაგვიანდება,
არ დაგვავიწყდეს ხურჯინში
ბევრი მაშხალის ჩადება.

საჩუქრებს რომ დავარიგებთ,
შევეგებებით ახალ წელს,
ერთად ჩავაქრობთ ნათურებს,
მაშხალებს ერთად ავანთებთ.

ერთად შევხვდებით ახალ წელს,
ლექსებით, ცეკვა-სიმღერით,
ყველამ იცოდეს, - გმირებად
საქართველოსთვის ვიზრდებით!..

საახალწლო

ჩვენი კოპწია ნაძვის ხე
დღეს ათასფერად ბრჭყვიალებს,
შენ, ჩვენო თოვლის ბაბუავ,
მოსვლას ნუ დაიგვიანებ.
მოდი, გვაცეკვე, გვამღერე,
ისმინე ჩვენი ძახილი,
ჩვენს ბაღში შემოაგელვე
ეჟვებიანი მარხილი.
ახალი წელი მოვიდა,
შენთვის გოზინაყს ვაკეთებთ,
ვიცით, ხურჯინით მოგვიტან
საჩუქრებსა და კანფეტებს.
-
სიმღერით გადმომილახავს
გზა შორი, ძნელად სავალი.
ვინა მყავს თქვენზე ძვირფასი,
ცუგრუმელებო სალამი!

საახალწლო

საქართველოს მზეს,
ყანებსა და ზვრებს,
საქართველოს ცას,
მოლივლივე ზღვას,
საქართველოს მთებს,
საქართველოს რთველს,
რიონს,
ჭოროხს,
არაგვს,
მათ ტალღათა ფერს.
ალაზანს და ხრამს,
რა თქმა უნდა მტკვარს,
ჩვენს საყვარელ ხალხს,
ვინც თესავს და ხნავს,
საქართველოს გზებს,
მის ხვალინდელ დღეს -
სიცოცხლე და დღეგრძელობა
მრავალ ახალ წელს!

საახალწლო

თოვლმა უცებ დაბურა
მინდორი თუ კორდი,
თოვლის თეთრი ბაბუა
საჩუქრებით მოდის.
ათასფერად ბრიალებს
ჩვენი ნაძვის ხეო.
დადგა მღერა-სიცილით
ახალი წლის დღეო.

მივეგებოთ თოვლის პაპას!

ზამთარია. არსად არ ჩანს
საყვარელი თოვლის პაპა.
იქნებ გზაში დაიკარგა,
იქნებ ზვავმა გადაყლაპა.
იქნებ დიდი ნაძვი მოაქვს,
იქნებ იმ ნაძვს ასი შტო აქვს,
აღარ ყოფნის იქნებ ძალა,
დაიქანცა, დაიღალა.
წავიდეთ და შევხვდეთ გზაში
და მოვძებნოთ ტყეში, მთაში,
ჩირაღდნებით, შუშხუნებით
გავაჩაღოთ ტყე და მთები.
მივეშველოთ, ჩამოვართვათ
ნაძვის ხე და საჩუქრები.
ჟრიამულით დავბრუნდებით,
შემოვაღებთ ერთად კარებს,
ხელად მოვრთავთ ნაძვის რტოებს,
ვიმღერებთ და გავიხარებთ.

მეკვლე

როცა ზეცის კაბადონს
თეთრი ნისლი დაბურავს,
ტყიდან დინჯად გამოდის
თოვლისფერი ბაბუა.

მოაქვს ლხენა რამდენი,
საჩუქარი რამდენი,
სანთლებივით ადნება
წვერზე თეთრი ფანტელი.

მოსდევს თოვლი ახალი,
იცინიან ფიფქები,
ვინც დედის გულს ახარებს,
მისი მეკვლე ვიქნები.

დილა არის ახალი წლის

თუმცა მიწას თოვლი ფარავს
და მზის სხივით აღარ იწვის,
გულში მაინც ცეცხლი ელავს,
დილა არის ახალი წლის.

გაყინულა ნაკადული,
წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის;
გულს კი მაინც ზეიმი აქვს -
დილა არის ახალი წლის.

ხეზე ჩიტი დაღვრემილა,
თითქოს ფრენა აღარ იცის,
გულს კი თითქოს ფრთა შესხმია -
დილა არის ახალი წლის.

გაძარცულა ხის ტოტები,
ზედ ფოთოლი აღარ იძვრის;
გულს კი თითქოს სიო არხევს -
დილა არის ახალი წლის.

ავდგეთ ქუჩებს მოვეფინოთ,
გული სახლში აღარ იცდის;
მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს -
დილა არის ახალი წლის.

ახალო წელო...

ახალო წელო, იმედით გიცქერ
და მეც მაქვს შენთან თხოვნა-სათქმელი,
მიბედნიერე ჩემი სამშობლო,
ამ ქვეყნად ყველა, ყველა ქართველი